მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მგონი სამხედრო ფორმა ეცვა და ხელყუმბარა ეჭირა“ - თვითმხილველი

თვითმხილველი კახეთიდან

თვითმხილველის თქმით, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელს სავარაუდოდ სამხედრო ფორმა ეცვა და ხელყუმბარა ჰქონდა.

მისივე თქმით, ბანკზე თავდამსხმელი „ჩამსხვილებული ადამიანი იყო.“

„ჩამსხვილებული ადამიანი იყო, ქუდი ეხურა, სათვალე ეკეთა. ის დავინახე, რომ ხელში ხელყუმბარა ეჭირა და თითი ჰქონდა გაყოფილი. როგორც კი შევედით დარბაზში, ეს კაცი გამოვარდა. შემოვიდა თუ არა, გიჟივით გარეთ გამოვვარდი და ვერ მოახერხა ჩემი დაკავება. ყველა თანამშრომელი შიგნით იყო, მენეჯერიც. შეფუთული იყო, თითქოს მწვანე ჟილეტივით ეცვა. კუბიკებიანი ხელყუმბარა ეჭირა ხელში. კი, მგონი სამხედრო ფორმა ეცვა“, - აცხადებს ბანკის თანამშრომელი.

ამასთან, მეორე თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელმა ბანკიდან ორი პირი გაათავისუფლა - ერთი თანამშრომელი და ერთი მომხმარებელი.

„ჯერ მოთხოვნები არ აქვთ. ერთი გოგო გამოუშვეს ბანკიდან. შეშინებული იყო ძალიან. ასევე, ერთი მომხმარებელი გამოუშვეს. სხვა მეტი ინფორმაცია არ ვიცი. არაფერი განსაკუთრებული არ მოუყოლიათ, შეშინებულები იყვნენ. მოთხოვნების შესახებ არაფერი უთქვამთ“, - აცხადებს თვითმხილველი „რუსთავი 2“-თან საუბარში.