მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მშობელი ვარ და ყოველთვის მინდოდა, ჩემი შვილი თავაწეული გამოსულიყო“ - ანზორ მელია

ექიმი ანზორ მელია

ექიმი ანზორ მელია თავისი შვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის საკითხს საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში გამოეხმაურა.

ანზორ მელია აცხადებს, რომ ევროკავშირი ტერორისტებს და ქურდებს გირაოს არ უხდის.

„ევროკავშირი ტერორისტებს და ქურდებს გირაოს თანხას არ უხდის. ევროკავშირმა ივანიშვილისგან გამოისყიდა ტყვე ნიკა მელია და ამას მივესალმები. ეს ამ მთავრობისთვის ძალიან დიდი დარტყმაა“, - აღნიშნა მელიამ.

ანზორ მელიამ Pia.ge-სთან რამდენიმე კვირის წინ თავის განცხადებასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება, რომლის თანახმადაც მელია შვილის გირაოს გადახდაზე ამბობდა, რომ „ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ“.

„იცით რა? მაშინ ნიკა მელიას აბსოლუტურად ჰქონდა არჩევანი და ახლა „ქოცებმა“ არ დაუტოვეს. მეორე იყო ის, რომ უნდა გათანაბრებულიყო ამნისტია იმ მკვლელებთან, „თვალებთხარია“ ტერორისტებთან და ვინც ბრძანება გასცა, იმ ხალხთან. ამ გზით გამოსვლა შეუძლებელი იყო.

ნიკა არ გამოვიდოდა. მე მაშინ ვთქვი, რომ „ევროკავშირი თუ გადაიხდის თანხას, ეს ჩვენი ოჯახისთვის შეურაცხყოფა იქნებოდა“, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, მე რომ გადამეხადა თანხა, მაშინ ნიკა გამოჩნდებოდა როგორც დამნაშავე და ნიკა მელია დამნაშავე არ ყოფილა.

მერე როცა გავაანალიზე, როცა ნიკას არაფერი დაუტოვეს, ორი უკიდურესად ცუდიდან ნაკლებად ცუდს მივესალმები ახლა. მაშინ მართლა ვამბოდი, რომ ეს თავზე ლაფის დასხმა იქნებოდა, ევროკავშირმა თანხა რომ გადაიხადოს, მაგრამ დღეს როდესაც ვხედავ, რომ ეს მთავრობა ასე უნამუსოდ და არაკაცურად იქცევა, ნიკა ახლა საჭიროა გარეთ.

თანაც არ ყოფილა შემთხვევა, რომ ევროკავშირს გადაეხადოს თანხა, ტყვებოდან გამოსასყიდი გადაიხადა. მეც გავიაზრე ამ პერიოდში და სხვანაირად შევაფასე ეს. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, ბოდიშს ვიხდი, იმიტომ რომ მშობელი ვარ და ყოველთვის მინდოდა, ჩემი შვილი თავაწეული გამოსულიყო“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

ანზორ მელიას ვარაუდით, ენმ-ის თავმჯდომარე საპატიმროს ორშაბათს ან სამშაბათს დატოვებს.

„ნიკა, რომ „ოცნების“ წევრი ყოფილიყო, უკვე გამოშვებული იქნებოდა, მაგრამ რადგანაც ნიკა ამათთვის თავის ტკივილია, მის გამოშვებას გაწელავენ. ორშაბათამდე ან სამშაბათამდე არ გამოუშვებენ“, - დასძინა ანზორ მელიამ.

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.

ინფორმაციისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეეფარდა.

ნიკა მელია 23 თებერვალს საკუთარ კაბინეტში დააკავეს და ის სასჯელს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.

ამავე თემაზე:

🔴 ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ მელია შვილისთვის გირაოს გადახდაზე

🔴 ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა

🔴 „ქართულ პოლიტიკაში დინამიკა დაბრუნდება, ნიკა მელია წელგამართულია“ - გია ხუხაშვილი