მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რიონის ხეობის მცველები გუმათში დაბრუნდნენ - ვარლამ გოლეთიანი სამოქმედო გეგმას ასახელებს

რიონის ხეობის მცველები

რიონის ხეობის მცველები სოფელ გუმათში დაბრუნდნენ. როგორც პროტესტის ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, იგეგმება რიონის ხეობის სრული ბლოკირება.

„ამ ნაწილში გადაიკეტა ხეობა. გზაში გავნაწილდით და ადამიანების ნაწილი დარჩა მეორე შესასვლელთან, რომლებიც ზედა ნაწილს გადაკეტავენ ანუ სრულად ბლოკირებულია ხეობა მხოლოდ კომპანიისთვის, იქამდე, ვიდრე ყველა ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, გზის ჩასაკეტად გამოყენებული იქნება მანქანები და ადამიანების ის რაოდენობა, რაც საჭირო გახდება.

ვარლამ გოლეთიანმა განმარტა, რომ გადაადგილებას მხოლოდ კომპანიის წარმომადგენლებსა და მანქანებს შეუზღუდავენ და ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება.

შეგახსენებთ, რომ 23-24 მაისს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციები გამართეს.

მათი რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნას კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მომზადებაში მონაწილე და დოკუმენტაციაზე ხელმომწერი პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება დაამატეს.