მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ უნდა განვითარდეს ბუღალტერი?

როგორ უნდა განვითარდეს ბუღალტერი?

ბოლო პერიოდში არსებითად გაიზარდა კომპანიების მხრიდან ბუღალტრებზე მოთხოვნა, თუმცა ისეთი კადრის მოძიება, რომელიც სრულფასოვნად დააკმაყოფილებს ფირმის მოთხოვნებს, ძალიან რთულია. მკვეთრი შეფასებები გვესმის ხოლმე კომპანიების ხელმძღვანელების მხრიდან: ისინი ვერ იღებენ სათანადო ინფორმაციას ბუღალტრული ბაზიდან. რატომ ჩნდება უკმაყოფილება, რატომ ვერ შეესაბამებიან ბუღალტრები ფირმის მოთხოვნებს და ზოგადად, როგორ უნდა განვითარდეს ბუღალტერი და ჩამოყალიბდეს მაღალკვალიფიციურ კადრად? - აღნიშნული კითხვებით „ქუდოს ჯორჯია“-ს დამფუძნებელს, გიორგი ბალესიაშვილს მივმართეთ.

ჩვენს ქვეყანაში ნელ-ნელა შემოდის უკვე ის ტენდენცია, რომ დამქირავებლები იაზრებენ სწორად წარმოებული ბუღალტერიის მნიშვნელოვანებას, თუმცა მაინც ბევრი ფირმა რჩება ბაზარზე, ვისაც ბუღალტერია უმარტივესი პროცესი ჰგონია და ფიქრობს, რომ ამ პასუხისმგებლობას დაბალკვალიფიციური კადრიც წარმატებით გაართმევს თავს. საქმე ისაა, რომ სწორედ ასეთი ტიპის კომპანიებშია ხოლმე ბუღალტერია მოუწესრიგებელი. თუ ხელმძღვანელი ბუღალტერს არანაირ ინფორმაციას არ აწვდის, საქმის კურსში არ აყენებს მიმდინარე ბიზნესს ოპერაციებზე, როგორ უნდა აწარმოოს ბუღალტერმა ბუღალტერია?! იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ასეთი ტიპის ხელმძღვანელები მრავლად არიან, ბუღალტერს თავად უწევს სხვადასხვა დოკუმენტის მოპოვებაზე ბრძოლა და ამაში საკმაოდ დიდი დრო მისდის. შედეგად ვიღებთ მოუწესრიგებელ ბუღალტრულ ბაზას. ამასობაში სხვადასხვა მიზნისთვის (მაგალითად, საბანკო სესხისთვის) კომპანიას შესაძლოა, დასჭირდეს ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა, რასაც სთხოვს ბუღალტერს, ბუღალტერი ვერ აწვდის ამ ინფორმაციას ზევით ჩამოთვლილი მიზეზების გამო და ამ დროს ჩნდება ხოლმე ხელმძღვანელის უკმაყოფილება. აღარ ვსაუბრობ იმ საგადასახადო რისკებზე, რაც მოუწესრიგებელ ბუღალტერიას მოჰყვება. ყველა ხელმძღვანელს უნდა ესმოდეს, რომ სავალდებულოა საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისი ბუღალტერიის წარმოება - მოგვითხრობს გიორგი ბალესიაშვილი.

რა ტიპის კონფლიქტებს შეხვედრია თქვენი კომპანია მოუწესრიგებელი ბუღალტერიის გამო?

„ქუდოს ჯორჯიაში“ მაღალია უშუალოდ კომპანიების დამფუძნებლების მხრიდან მომართვიანობა იმ მიზეზით, რომ ვერ არკვევენ როგორ განაწილდა თანხები დამფუძნებლებზე, ვის რამდენი თანხა აქვს ფირმაში შემოტანილი, როგორ განაწილდა ხელფასები, რა ღირებულებით მოხდა პროდუქტის შესყიდვა თუ რეალიზაცია. ხშირ შემთხვევაში პასიური დამფუძნებლები (ისინი, ვინც ფირმის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში არ იღებენ აქტიურ მონაწილეობას) მოგვმართავენ თხოვნით, რომ აღვადგინოთ ბუღალტრული ბაზა და წარვადგინოთ სწორი რიცხვები. ზოგჯერ დამფუძნებლებს შორის მწიფდება კონფლიქტი და ეს ბუნებრივიცაა: ბუნდოვანება ეჭვის საფუძველია, ეჭვი კი კონფლიქტს იწვევს.

დამფუძნებლებს შორის კონფლიქტზე უფრო სახიფათო ის საგადასახადო პასუხისმგებლობაა, რაც არეულ ბუღალტერიას მოჰყვება. როგორც იცით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, ანუ აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, რამაც შესაძლოა იმაზე მეტი გადასახადის დარიცხვა გამოიწვიოს, რასაც მოწესრიგებული ბუღალტერიის შემთხვევაში ადგილი არ ექნებოდა - განმარტავს გიორგი ბალესიაშვილი.

რატომ ვერ აკმაყოფილებენ ბუღალტრები ფირმის მოთხოვნებს?

მიზეზი ძალიან მარტივია: იქიდან გამომდინარე, რომ ხელმძღვანელების უმრავლესობა არ აფასებს ბუღალტრის შრომას, ხელფასსაც ხშირად დაბალს სთავაზობს, ხოლო ასეთ პირობებში დიდი პასუხისმგებლობის აღებაზე ბევრი ადამიანი აღარ თანხმდება. ამის საპირისპიროდ, ბუღალტრები, ზოგ შემთხვევაში, თანხმდებიან დაბალ ხელფასს, თუმცა სხვა კომპანიებშიც პარალელურად მუშაობენ, რაც საბოლოო ანგარიშით ხარისხს აფუჭებს.

სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ის კომპანიებიც კი ვეღარ პოულობენ კვალიფიციურ ბუღალტერს, რომლებიც მზად არიან მაღალი ხელფასი გადაიხადონ. ეს პრობლემაც ახსნადია - ჩამოყალიბებულმა კულტურამ, სადაც არ ფასდებოდა ბუღალტერი და არც მის მიმართ შესაბამისი მოთხოვნები იყო განსაზღვრული (ბუღალტერს ხშირად უწევს იურისტობაც, ფინანსისტობაც, კადრების მენეჯერობაც და კიდევ სხვა ფუნქციის შეთავსება) გამოიწვია კვალიფიკაციის შემცირება. მარტივი ლოგიკაა: ადამიანს თუ არ მისცემ საშუალებას, რომ აკეთოს ის, რაც რეალურად ავალია, ვერ განვითარდება.

და მაინც, როგორ უნდა განვითარდეს ბუღალტერი?

პირველ რიგში აუცილებელია, რომ ბუღალტერმა დამქირავებელთან თავიდანვე შეათანხმოს მისი ფუნქცია-მოვალეობები, დრო არ დახარჯოს სხვა დავალებების შესრულებაზე და სრული დრო დაუთმოს ბუღალტრულ აღრიცხვას.

მიუხედავად იმისა, რომ ბუღალტერს შესაძლოა, ევალებოდეს სხვადასხვა კონკრეტული ფუნქცია, მაგალითად, ხელფასების დარიცხვა და ძირითადი საშუალებები, მან აუცილებლად უნდა ისწავლოს სხვა მუხლების შესაბამისი აღრიცხვა. „ქუდოსში“ ვაკანსიების შესავსებ გასაუბრებებზე ხშირად ვხვდებით ბუღალტრებს, რომლებიც აცხადებენ, რომ არ უმუშავიათ ლიზინგებზე, გადაფასებებზე, მარაგების ჩამოწერებზე და ა.შ. დამქირავებელს სჭირდება ისეთი ბუღალტერი, რომელიც სრულად, ყველა მუხლს აღრიცხავს სტანდარტების შესაბამისად.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში დამქირავებლების დიდი ნაწილი საგადასახადო დაგეგმვას სრულად ავალებს ბუღალტერს და თავს იკავებს გარე საგადასახადო კონსულტანტის დაქირავებისგან, ბუღალტერი მუდმივად უნდა ადევნებდეს თვალს საგადასახადო საკანონმდებლო სიახლეებს და ბუნებრივია, კარგად იცოდეს საგადასახადო კოდექსი.

ზოგადად ბუღალტრის მთავარი ფუნქცია-მოვალეობაა შესაბამისი სტანდარტების მიხედვით ბიზნესოპერაციების ასახვა - ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში „ფასს“ და „ბასს“ მოთხოვნების შესაბამისად. ბუღალტერი, რომელმაც კარგად იცის აღნიშნული სტანდარტები ყოველთვის მაღალანაზღაურებადი, მოთხოვნადი კადრი იქნება.

ბუღალტერი ყოველთვის უნდა ცდილობდეს მოვლენები შეაფასოს გლობალურად. ბუღალტრების უმეტესობა მიკრო დონეზე აფასებს მდგომარეობას, რაც სააღრიცხვო კუთხით პრობლემებს ქმნის. კომპანიაში განხორციელებულ კომპლექსურ ბიზნესოპერაციებს სჭირდება ჩაღრმავებული ანალიზი და ზუსტი განსაზღვრა, თუ რისთვის განხორციელდა ოპერაცია. ანალიზის შემდეგ ბუღალტერს არსებითად უმარტივდება აღრიცხვა.

ბუღალტერს არ უნდა ეშლებოდეს ერთმანეთში ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვა. ბევრი ბუღალტერი ცდილობს ბუღალტრული ბაზა დაამუშავოს საგადასახადო მიზნებისთვის და ივიწყებს ფინანსურ აღრიცხვას, აღრიცხვის დროს ფიქრობს მხოლოდ საგადასახადო ნაწილზე, არადა პირიქით უნდა იყოს: პირველ რიგში ფინანსურ აღრიცხვას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ხოლო RS.ge-ზე დეკლარირების კუთხით შესაძლოა, განსხვავებულად აისახოს რომელიმე ოპერაცია. ანუ, აღრიცხვა უნდა მოხდეს ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების, ხოლო დეკლარირება - მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.

ძალიან მნიშვნელოვანია, ბუღალტერმა გაითვალისწინოს შემდეგი რამ: ყოველი ოპერაციის გატარებისას იფიქროს იმაზე, რომ მის ნამუშევარზე დაყრდნობით ხელმძღვანელობა იღებს გადაწყვეტილებას. დაფიქრდეს: თავად რომ იყოს ხელმძღვანელი, როგორი ინფორმაციის მიღებას ისურვებდა. ეს მიდგომა პროფესიულ განვითარებაში ძალიან დაეხმარება.

დღევანდელ რეალობაში, როგორც ზევით ვახსენეთ, ხშირად რთულია კომპანიებში საჭირო დოკუმენტების მოპოვება, ანუ ოპერაციის საფუძვლის მიღება. ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები არ ფორმდება, დროულად არ ხდება ხარჯვის დოკუმენტების მიღება და ა.შ. ამ შემთხვევაში ბუღალტრის ფუნქციას ნამდვილად არ წარმოადგენს საბუთების დაუსრულებელი დევნა, თუმცა აუცილებელია მან დაბეჯითებით და მკაცრად მოითხოვოს ყველა დოკუმენტი და დანერგოს დოკუმენტბრუნვის სისტემა. თუ ხელმძღვანელს არ აინტერესებს ეს საკითხი, ეს იმას მაინც არ ნიშნავს, რომ ბუღალტერმა არ უნდა ჩააყენოს საქმის კურსში. ბუღალტრის ვალდებულებაა, რომ დამქირავებელს იმ რისკების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია, რაც დოკუმენტის მიუღებლობას მოჰყვება.

ბუღალტერმა კარგად უნდა იცოდეს ექსელი. Excel-ის ცოდნა, მნიშვნელოვნად გამოუთავისუფლებს დროს და ყურადღებას სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებს.

შევაჯამოთ, თუ რა უნდა გააკეთოს დამწყებმა ბუღალტერმა, საშუალოდ სამი წლის განმავლობაში, რომ გახდეს მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი კადრი:

  • დამქირავებელთან თავიდანვე შეათანხმოს მისი ფუნქცია-მოვალეობები. ჩამოიშოროს ბუღალტერიასთან დაუკავშირებელი საქმეები
  • ისწავლოს ფასს და ბასს სტანდარტები
  • ისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსი და მომიჯნავე კანონები, ბრძანებები, მუდმივად ადევნოს თვალი საკანონმდებლო ცვლილებებს
  • სრულფასოვნად ისწავლოს დეკლარაციების შევსება
  • აქცენტი გააკეთოს სრულ ბუღალტრულ აღრიცხვაზე და არა მხოლოდ კონკრეტულ მუხლებზე
  • მანამდე, სანამ დაიწყებს ბიზნესოპერაციის აღრიცხვას, ისწავლოს მოვლენების გლობალურად შეფასება
  • მუდმივად ახსოვდეს, რომ ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვა განსხვავდება ერთმანეთისგან და ბუღალტერია მხოლოდ საგადასახადო მიზნებისთვის არ უნდა აწარმოოს
  • ყოველი ოპერაციის აღრიცხვის წინ, დაფიქრდეს თუ როგორი სახით ისურვებდა დამქირავებელი საბოლოო ანგარიშის, ინფორმაციის მიღებას
  • ახსოვდეს, რომ მის მიერ ნაწარმოებ ბუღალტერიაზე დაყრდნობით, მენეჯერები მნიშვნელოვან, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს იღებენ
  • კარგად ისწავლოს ექსელი, რაც არსებით დროს გამოუთავისუფლებს
  • მკაცრად აკონტროლოს დოკუმენტბრუნვა
  • დამქირავებელს ყოველთვის მიაწოდოს ინფორმაცია მოსალოდნელი საგადასახადო რისკების შესახებ