მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომელი კომპანიები მიიღებენ 150-ლარიან შეღავათს სახელმწიფოსგან - ფინანსთა მინისტრის განმარტება

ფინანსთა მინისტრის ბრიფინგი 2020

ყველა ის კომპანია, რომელიც გააგრძელებს დასაქმებულისთვის ხელფასის გადახდას (იგულისხმება 1500 ლარამდე ხელფასი), საშუალოდ 150-ლარიან შეღავათს ნახავს,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემა “Forbes კვირაში” სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრმა განმარტა, რას გულისხმობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ის ნაწილი, რომელიც დამსაქმებელს შესაძლებლობას აძლევს, 750 ლარზე საშემოსავლო გადასახადი არ გადაიხადოს.

მაჭავარიანის თქმით, საუბარია ყველა დასაქმებულზე, რომლის ხელფასიც არის 1500 ლარამდე. კომპანია დასაქმებულის 1500-ლარიანი ხელფასის შემთხვევაში, ხელფასის პირველ ნაწილზე - 750 ლარზე - საშემოსავლო გადასახადს არ გადაიხდის, რაც ნიშნავს, რომ 150 ლარის ეკონომიას აკეთებს. რაც შეეხება ხელფასის მეორე ნაწილს, ამ შემთხვევაში კომპანია თანხაზე, რომელიც სცდება 750 ლარს, საშემოსავლო გადასახადს ჩვეულებრივ გადარიცხავს ბიუჯეტში:

„ხშირად ისმის კითხვა, არის ეს შეღავათი კომპანიისთვის თუ დასაქმებულისთვის? ორივესთვის არის სინამდვილეში. კომპანია ამ შემთხევვაში იღებს შეღავათს, მაგრამ ამ შეღავათის გამო ვასტიმულირებთ, რომ დაიტოვოს თანამშრომელი. ანუ ვეხიდებით კომპანიას იმაში, რომ შეინარჩუნოს თანამშრომელი. საბოლოო ბენეფიციარი მაინც ადამიანია,“ - აცხადებს ივანე მაჭავარიანი.

მისივე თქმით, ეს არ არის გადასახადის გადავადება, სახელმწიფო ამ ფულს ბიზნესისგან უკან აღარ მოითხოვს.