მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ზურგს უკან აწარმოებს პოლიტიკას“ - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

აფხაზეთის დროებითი პრემიერი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აფხაზეთში დარჩენილ ქართულ მოსახლეობაში პრო-რუსული განწყობების გამყარებისთვის აქტიური ნაბიჯები იდგმება, რაც აფხაზეთში რუსეთის ანექსიის გაღრმავებისა და განმტკიცების საწინდარი შეიძლება გახდეს. 

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აფხაზეთში, მარტის ბოლოს საჯარო სამსახურებში დასაქმებულებმა სამი თვის განმავლობაში დაგვიანებული ხელფასები მიიღეს. ამის პარალელურად კი, მათ რუსეთის ფედერაციის უკანონო საელჩოს წერილიც გაეგზავნათ, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მთავრობის სახელით გალის ქართულმა მოსახლეობამ მხარდაჭერის და ზრუნვის აღთქმა მიიღო.

ინსტიტუტის შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიდგომა, გალის ქართული მოსახლეობის მიმართ, მხოლოდ შეზღუდვებით შემოიფარგლება, თვალსაჩინოა, რომ რუსეთი რბილი ძალის ამოქმედებას იწყებს, რათა ფინანსურ-ეკონომიკური მხარდაჭერის და ერთგვარი მფარველობის გზით, გალელი ქართველები გადაიბიროს.

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ზურგს უკან აწარმოებს პოლიტიკას, რომელიც ეთნიკურ ქართველებს შორის აფხაზების და მათი „მთავრობის“ მიმართ უნდობლობას რუსეთის მიმართ სიმპათიის და მხარდაჭერის ზრდის საწინდრად ხედავს. იმის გათვალისწინებით, რომ გალის ქართულ მოსახლეობასთან საქართველოს ხელისუფლების წვდომა უკიდურესად შეზღუდულია, ხოლო კოვიდპანდემიის დროს ამ რაიონის იზოლაცია კიდევ უფრო გაიზარდა, წერილში ფორმულირებული რუსული მესიჯი „რომ თქვენ შეიძლება მიგატოვოთ ყველამ, მაგრამ რუსეთი არასდროს მიგატოვებთ“ სერიოზულ გამოწვევად შეიძლება აღვიქვათ როგორც ქართული, ისე აფხაზური მხარისთვის“,- აღნიშნულია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის 246,936 მოსახლიდან 46 813 ადამიანი ეთნიკურად ქართველია, რაც რუსული საოკუპაციო არითმეტიკის შესაძლო გათვლით, გამოკვეთილად პრო-რუსულად განწყობილ 22,341 ეთნიკურ რუსთან და 41,845 სომეხთან ერთად (ჯამში 64,186), დააბალანსებს 124,785 ეთნიკური აფხაზის პოლიტიკურ განწყობებს.

ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, აფხაზეთის დამოუკიდებლობასა და ამის საპირისპიროდ, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების მომხრეებს შორის წყალგამყოფი ეთნიკურ იდენტობაზე გადის, რაც ჯერ კიდევ 2011 წელს ამერიკელი და რუსი მკვლევარების მიერ აფხაზეთში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა.

„მოცემული მდგომარეობა და ტენდენცია დამაფიქრებელი უნდა იყოს პირველ რიგში, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობისთვის, რომელიც გალის რაიონში კვლავინდებურად აგრძელებს ადგილობრივი ქართული თემის კულტურული უფლებების შეზღუდვას.

მაგალითად, ამა წლის 30 მარტს ოფიციალურმა სოხუმმა უარით უპასუხა 2020 წლის აგვისტოში გალელი ქართველების კოლექტიურ წერილს ქართული ტოპონიმების და ქუჩების სახელების აღდგენის შესახებ. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მსგავსი მიდგომა, ცხადია, მეტ საფუძველს შექმნის ეთნიკურ ქართველებს შორის რუსეთის ფედერაციის უკანონო წარმომადგენლობის პროპაგანდის და რბილი ძალის მიმართ პოზიტიური განწყობების შექმნისთვის, მით უფრო, რომ გალელების მიმართ აფხაზური მხარის „ცივ“ პოლიტიკას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა, რაიონის იზოლაციის გამო, ვერ აბალანსებს“,- აღნიშნავენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში.

აგრეთვე იხილეთ:

📌თბილისი გალის ტრაგედიას სპეკულაციებისთვის იყენებს - სოხუმი