მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ ყვარელში - უახლესი ამბები (Live)

LIVE

ყვარელში მდებარე „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შემთხვევა 9 სექტემბერს მოხდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით Pia.ge ინფორმაციას მუდმივად აახლებს.

01.03.2022 03:11 ჰააგის სასამართლოს პროკურორი უკრაინაში სავარაუდო ომის დანაშაულების გამოსაძიებლად თანხმობას აცხადებს

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულების გამოსაძიებლად თანახმაა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

„ჩვენი მისიის მნიშვნელობა და გადაუდებელი აუცილებლობა ძალიან სერიოზულია. ბოლო დღეებში კონფლიქტის გაფართოების გათვალისწინებით, ჩემი განზრახვაა, რომ ეს გამოძიება ასევე მოიცავდეს ჩემი ოფისის იურისდიქციაში შემავალ ყველა ახალ სავარაუდო დანაშაულს, რომელიც ჩადენილია კონფლიქტში მონაწილე ნებისმიერი მხარის მიერ, უკრაინის ტერიტორიის ნებისმიერ ნაწილში“, - განაცხადა პროკურორმა კარიმ ხანმა.

პროკურორმა საქმის გამოსაძიებლად ავტორიზაცია ჯერ წინასასამართლო პალატიდან უნდა მიიღოს. 

უფლებადამცველთა ჯგუფები აცხადებენ, რომ რუსები საერთაშორისო სამართლის არაერთ კანონს არღვევენ და უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას გამიზნულად ბომბავენ.

09.09.2021 - 19:00 ყვარელში, ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია

ყვარელში სპეცოპერაცია დასრულებულია. საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია.

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელმა მძევლები ნაწილ-ნაწილ გაათავისუფლა. მას 15-მდე მძევალი ჰყავდა აყვანილი. გათავისუფლებული მძევლები თავს ჯანმრთელად და უსაფრთხოდ გრძნობენ. ისინი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

სპეცოპერაცია ყვარელში მდებარე „საქართველოს ბანკში“ დაახლოებით 3 საათი მიმდინარეობდა.

09.09.2021 - 18:00 ბანკზე თავდამსხმელის მიერ აყვანილი ყველა მძევალი გათავისუფლებულია - შსს

„ამ დროისთვის ყველა მძევალი გათავისუფლებულია“, - ამის შესახებ შსს-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„არც ერთი მძევალი ბანკის შენობაში არ იმყოფება. გათავისუფლებული მძევლების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველები მუშაობენ ოპერატიულად იმისთვის, რომ სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდეს“, - აღნიშნა ქეთი კოვზიაშვილმა.

09.09.2021 - 17:55 თავდამსხმელის მოთხოვნები 👇

09.09.2021 - 17:45 ყვარელში, ბანკზე თავდამსხმელი ვინმე გიორგის მისვლას ითხოვს

ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი ვინმე გიორგის მისვლას ითხოვს.

„ფორმულას“ ინფორმაციით, როგორც თავდამსხმელისა და მომლაპარაკებლის დიალოგიდან ირკვევა, ვინმე გიორგი გაიქცა.

შეგახსენებთ, რომ ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალში თავდამსხმელს მძევლები ჰყავს აყვანილი. იგი ხელყუმბარით არის შეიარაღებული და მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.

09.09.2021 - 17:25 საქართველოს ბანკში თავდასხმასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებენ

„შესაძლებლობების ფარგლებში კეთდება ყველაფერი მოქალაქეების დასაცავად“, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლმა განუცხადა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რათა ჩვენი თანამშრომლების და მომხმარებლების უსაფრთხოება იყოს დაცული“, - აცხადებს საქართველოს ბანკის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში.

„საქართველოს ბანკში“ ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს ვერ აკეთებენ.

09.09.2021 - 17:10 საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა მძევლების ნაწილი გაათავისუფლა

ყვარელში მდებარე საქართველოს ბანკზე თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა. ამის შესახებ Pia.ge-ს ერთ-ერთი მძევლის ოჯახმა აცნობა.

გათავისუფლებული მძევალი ამ წუთებში პოლიციაში დაკითხვაზე მიჰყავთ. გავრცელებული ინფორმაციით, ბანკში 5-მე მძევალია დარჩენილი.

09.09.2021 - 17:04

09.09.2021 - 17:00 „თავდამსხმელი კომუნიკაციაზე ჯერ არ გამოსულა, სპეცრაზმი ადგილზე იმყოფება“ - ყვარლის მერი

ყვარლის მერის როსტომ სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელთან პოლიციას ჯერჯერობით კომუნიკაცია არ ჰქონია.

მისი განმარტებით, ამ დროისთვის სამართალდამცველები მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფით არიან დაკავებული, რის შემდეგადაც დაიგეგმება თავდამსხმელთან მოლაპარაკება.

„მიმდინარეობს აქტიური მუშაობა რომ მოქალაქეების უსაფრთხოების ნორმები იყოს დაცული. თავდამსხმელი კომუნიკაციაზე ჯერჯერობით არე არის გამოსული. ჯერჯერობით სამართალდამცველები ცდილობენ შეინარჩუნონ უსაფრთხოება და შემდეგ დაიწყება კომუნიკაცია“, - აღნიშნა როსტომ სესიაშვილმა.

ყვარლის მერის თქმით, ნახევარ მილიონთან დაკავშირებით მოთხოვნა ჯერ დადასტურებული არ არის, ადგილზე იმყოფება სპეცრაზმი და საპოლიციო ღონისძიებას სამხარეო პოლიციის უფროსი ხელმძღვანელობს.

9.09.2021 - 16:25 „მგონი სამხედრო ფორმა ეცვა და ხელყუმბარა ეჭირა“ - თვითმხილველი

თვითმხილველის თქმით, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელს სავარაუდოდ სამხედრო ფორმა ეცვა და ხელყუმბარა ჰქონდა.

მისივე თქმით, ბანკზე თავდამსხმელი „ჩამსხვილებული ადამიანი იყო.“

„ჩამსხვილებული ადამიანი იყო, ქუდი ეხურა, სათვალე ეკეთა. ის დავინახე, რომ ხელში ხელყუმბარა ეჭირა და თითი ჰქონდა გაყოფილი. როგორც კი შევედით დარბაზში, ეს კაცი გამოვარდა. შემოვიდა თუ არა, გიჟივით გარეთ გამოვვარდი და ვერ მოახერხა ჩემი დაკავება. ყველა თანამშრომელი შიგნით იყო, მენეჯერიც. შეფუთული იყო, თითქოს მწვანე ჟილეტივით ეცვა. კუბიკებიანი ხელყუმბარა ეჭირა ხელში. კი, მგონი სამხედრო ფორმა ეცვა“, - აცხადებს ბანკის თანამშრომელი.

ამასთან, მეორე თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელმა ბანკიდან ორი პირი გაათავისუფლა - ერთი თანამშრომელი და ერთი მომხმარებელი.

„ჯერ მოთხოვნები არ აქვთ. ერთი გოგო გამოუშვეს ბანკიდან. შეშინებული იყო ძალიან. ასევე, ერთი მომხმარებელი გამოუშვეს. სხვა მეტი ინფორმაცია არ ვიცი. არაფერი განსაკუთრებული არ მოუყოლიათ, შეშინებულები იყვნენ. მოთხოვნების შესახებ არაფერი უთქვამთ“, - აცხადებს თვითმხილველი „რუსთავი 2“-თან საუბარში.

9.09.2021 - 16:25 საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს

გავრცელებული ინფორმაციით, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.

ბანკში ამ დროისთვის 15-მდე პირი იმყოფება, რომელთა შორის ბანკის მომხმარებლები და თანამშრომლები არიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და გადაკეტილია მიმდებარე ტერიტორია. უკვე განხორციელებულია ევაკუაცია ბანკის მომიჯნავე შენობებიდან და ქუჩებიდან.

არსებული ინფორმაციით, ბანკში ერთი თავდამსხმელი იმყოფება, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა აქვს.

9.09.2021 - 16:00 ყვარელში საქართველოს ბანკში თავდამსხმელმა მძევლები აიყვანა

ყვარელში მდებარე „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელი შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მან მძევლები აიყვანა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია.

ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.