მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავიაკომპანიებს კორონავირუსის გამო გაუქმებული მგზავრობის ღირებულების ანაზღაურება დაეკისრებათ

თვითმფრინავი ცაში

COVID-19-ის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ.

აღნიშნულის შესახებ PIA.GE-ს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს.

"შესაბამისად, მგზავრებს, რომელთა ფრენაც გაუქმდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს ან უცხო ქვეყნის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, უფლება აქვთ შეცვალონ ბილეთში მითითებული მგზავრობის თარიღი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს, დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ან მოითხოვონ გამოუყენებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურება, საქართველოს მიერ რეგულარული ფრენების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ. აღნიშნული პირობები ვრცელდება მგზავრებზე, რომლებსაც უნდა განეხორციელებინათ ფრენა საქართველოდან საქართველოში, აგრეთვე საქართველოდან სხვა ქვეყანაში ქართული ან უცხოური ავიაკომპანიის მეშვეობით, ასევე მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებდნენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში, ქართული ავიაკომპანიის მეშვეობით. ამასთან, ავიაკომპანიებს არ დაეკისრებათ მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემის ვალდებულება ფრენებზე, რომელთა გაუქმება გამოწვეული იყო კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო და არა თავად ავიაგადამზიდველების მიზეზით", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამოქალაქო ავიაციაში აცხადებენ, რომ დროებითი საშეღავათო პირობების ამოქმედება დაეხმარება ავიაკომპანიებს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეჩერებით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავებაში. "ხელს შეუწყობს აღნიშნული ავიასაწარმოების ლიკვიდობისა და ბიზნეს უწყვეტობის შენარჩუნებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანია ავიაგადამზიდველების ოპერირების განახლებისთვის და რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, საშეღავათო ზომების დაწესებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაიზიარა მრავალი ქვეყნის პრაქტიკა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია ე.წ. ვაუჩერების მექანიზმის დაშვებასთან დაკავშირებით.