მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"დანაშაული იქნება ადამიანების წინაშე..." - თეოლოგისა და სასულიერო პირის პოზიციები ზიარების წესზე

ზიარების წესი და პანდემია

COVID-19-ის კიდევ უფრო მეტად გავრცელების რისკების ფონზე, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი კითხვები ისმის იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეცვალა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ზიარების წესი. ზიარების წესთან დაკავშირებით განსხვავებული დამოკიდებულება დააფიქსირეს როგორც საზოგადოების წარმომადგენლებმა, ასევე კონკრეტულმა სასულიერო პირებმა.

აშშ-ში მოღვაწე მეუფე საბამ მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ კოვიდინფექციამ არ იცის არც ღვთის მადიდებელი და არც ღვთის მაგინებელი. მეუფე საბას მოწოდება მრევლისადმი იყო ერთმნიშვნელოვანი. მან მრევლს სახლში დარჩენისკენ  და ლოცვისკენ მოუწოდა.

რატომ არის არსებითად მნიშვნელოვანი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ზიარების წესის არშეცვლა პანდემიის დროს? და შესაძლებელია თუ არა ზიარების წესის შეცვლა? - PIA.GE-ს ამ და სხვა კითხვებს თეოლოგმა და სასულიერო პირმა უპასუხეს.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ  ზიარების წესი ერთ-ერთია იმ წესებს შორის, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია მიმართავს. თეოლოგის განმარტებით, არსებობს იაკობის ჟამის წირვა, რომლის დროსაც ხელით ხდება მღვდლის მიერ მრევლისთვის პურის მიწოდება.

"ეს წესი IX-X საუკუნეებშია ჩამოყალიბებული და დამკვიდრებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ თავისთავად წესის შეცვლა შეიძლება, მით უფრო რომ ქრისტიანული სწავლება ეფუძნება სახარებას, ქრისტეს მოძღვრებას, სადაც ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ "წესები უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი წესებს". ეს უნდა იყოს ამოსავალი, როდესაც ეკლესია პასუხობს ამა თუ იმ გამოწვევას. პანდემია გამოწვევაა და შესაბამისად, აქ უპირველესი მიზანი ეკლესიისა უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვა“, - აღნიშნა მინდიაშვილმა.

თეოლოგი ამბობს, რომ უჭირს იმის ახსნა, თუ რა საფუძველი აქვს ეკლესიის გარკვეული ნაწილის ასეთ გაჯიუტებას მაშინ, როდესაც მართლმადიდებლურმა ავტოკეფალურმა ეკლესიებმა მრევლისთვის მსახურებები დროებით დახურეს.

თეოლოგი მიიჩნევს, რომ პანდემიის ვითარების ფონზე  ადეკვატური და გონივრული გადაწყვეტილება არა ზიარების წესის შეცვლა, არამედ სასულიერო პირების მიერ მრევლისთვის სახლში დარჩენის მოწოდების გაჟღერება იქნებოდა.

"ეს გააკეთა მსოფლიო პატრიარქმა არაორაზროვნად, რომ ახლა დასაცავი და გადასარჩენია ადამიანი, ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი მართლმადიდებელი ქრისტიანებისა, ეს გააკეთა რუსეთის პატრიარქმაც. რუსეთის ეკლესიას ზიარების წესი არ შეუცვლია, მაგრამ ზიარების კოვზის სპირტით დამუშავება დაიწყო“, - განაცხადა ბექა მინდიაშვილმა.

მინდიაშვილს უჭირს იმის პროგნოზირება, თუ რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს ვნების კვრეულში ტაძრებში შეკრებილი ადამიანების სიმრავლემ.

„სწორედ იმ მომენტისათვის ვარაუდობენ პიკს. პროგნოზირებაც არ მსურს, რა შეიძლება მოხდეს ხალხმრავლობის შედეგად. ეს იქნება დანაშაული ადამიანის წინაშე, თუ ამისგან თავს არ შეიკავებენ და არ მოუწოდებს ეკლესია, რომ ადამიანები მოუფრთხილდნენ ერთმანეთს, ეს აძლევს ეკლესიას იმის საფუძველს, რომ ასეთი განაცხადი და მოწოდება გააკეთოს მრევლისთვის. მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ამ კუთხით ეკლესიამ შეძლოს ვითარების შემოტრიალება და სწორი ნაბიჯის გადადგმა. ისეთი პოზიცია აირჩია და ისე წარმოაჩენს ამ მოვლენებს როგორც აპოკალიპტურ უბედურებას, რომ არ მგონია, თავისი პოზიციისგან უკან დაიხიოს სამწუხაროდ და საუბედუროდ“, - განაცხადა ბექა მინდიაშვილმა.

მღვდელმონაზონი ანდრია სარია PIA.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ თუ ეკლესიის მხრიდან კეთილი ნება იქნება, ვერ ხედავს დაბრკოლებას, რომ ზიარება პირდაპირ კოვზის გარეშე მოხდეს.

„მთავარ პრობლემას ვხედავ ადამიანების სიმრავლეში. სამწუხაროდ, არ ვართ ისეთი მოწესრიგებულები, ერთმანეთთან კომუნიკაცია, რომ არ დავამყაროთ.  მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე ვიცით, რომ თუ ადამიანები სახლში რჩებიან და თავს იზღუდავენ იზოლაციით, ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონაც მონაწილეობას ღებულობენ პანდემიის აღკვეთაში. აქ უნდა დავინახოთ პრობლემა და ეკლესიამაც გონივრულად უნდა მიხედოს ამ საკითხს“, - აღნიშნა მღვდელმონაზონმა.

მღვდელმონაზონი ამბობს, რომ ეკლესიის მხრიდან მრევლისთვის სახლში დარჩენის მოწოდების საჭიროება დგას.

„ცალსახა განცხადებებს აკეთებს ზოგადად საპატრიარქოს წარმომადგენლები, როდესაც შეიძლება პოზიციის შერბილება. ამიტომ ეკლესიამ უნდა მოუწოდოს ადამიანებს, რომ სახლში დარჩნენ. აქ არის ქრისტიანული მაღალი პასუსისმგებლობა. ვთვლი, რომ დღეს საკუთარი თავის გაწირვა არის ის, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ადამიანებმა ურთიერთობისგან, რწმენით მანიპულაცია არაფრით არ შეიძლება. ამიტომ მრევლს ხელისგულზე მიაწოდო წმინდა ხორცი, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. რაც სხვა ეკლესიებთან ვნახე დადგენილებები, ბევრად უფრო გონივრული მეჩვენა ვიდრე, ჩვენი ეკლესიის დადგენილება.  ვერ ვიტყვი, რომ ისინი ურწმუნებოები არიან და ჩვენ ვართ განსაკუთრებით მორწმუნენი“, - აღნიშნა მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ.

ცნობისთვის, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ზიარების წესი არ შეიცვლება. ამის შესახებ ნათქვამია დადგენილებაში, რომელიც წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს.