მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება

გამოცდების რეგისტრაცია

ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისთვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკური 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.

შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია მოიტანოს საკუთარი პირბადე). აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს.

გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით:

·        მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;

·        მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;

·        მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;

·        თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0.5-0.7 მმ. ბურთულიანი წვერით.

ამ ჩამონათვალის გარდა, სხვა პირადი ნივთების მოტანა არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი მოიხსნება გამოცდიდან.

საგამოცდო სივრცეების კონდიციონერით გაგრილება მოხდება მხოლოდ სესიის დაწყებამდე და გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.

საგამოცდო ცენტრებში მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში იმუშავებენ სამედიცინო და პოლიციის პუნქტები. საგამოცდო პროცესი ჩაიწერება ვიდეოკამერებით.

მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირების შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს მომავალში აცნობებს.