მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გარდაბანში 6 სოფლის წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემები აშენდება

წყალმომარაგება, კომპანია

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, მიმდინარე წლის გეგმით განსაზღვრული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების - ზემო და ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრანთელეთისა და კუმისის სასმელი წყლის სისტემის მოწყობისა და გამრიცხველიანების სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.

უწყების ინფორმაციით, წინადადებების მიღება 8 ივლისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 848 547 ლარია .

„აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების სისტემები დღემდე არ არსებობს. ადგილობრივებს წყალი მათ მიერვე მოწყობილ ჭაბურღილებიდან მიეწოდება. გვალვიან პერიოდში კი ჭებში წყალი შრება. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ახალი სისტემები მოეწყობა. სამუშაეობი ითვალისწინებს ტერიტორიების დაქსელვასა და ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. ასევე, მოეწყობა რეზერვუარები სრული კომპიუტერული მართვისა და სათვალთვალო დაცვის სისტემით. ყველა რეზერვუარის ტერიტორიაზე გაკეთდება სანიტარული დაცვის ზონა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 8771 ადამიანს სტაბილური წყალმომარაგება ექნება. ამ დროისთვის, წყალმომარაგების კომპანია ქვემო ქართლის რეგიონში ოთხ პროექტს ახორციელებს. აქტიურად მიმდინარეობს მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა. ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების I ეტაპის სამშენებლო სამუშაოები და ქალაქ მარნეულში, იალღუჯის დასახლებაში წყალსადენისა და წყალარინების გარე ქსელების მოწყობა“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტების განხორციელებისთვის ჯამურად 90 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია ხორციელდება.