მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იძულებული ვართ, საქმიანობა სრულად შევაჩეროთ“ - კვების ინდუსტრიაში დასაქმებულები გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ

კვების ინდუსტრიაში დასაქმებულების განცხადება

კაფე-ბარებისა და  კვების დაწესებულებების წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და განცხადებით მთავრობის მეთაურს გიორგი გახარიას მიმართეს.

მათი თქმით, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ კვების ინდუსტრია გადარჩეს.

როგორც კვების ინდუსტრიაში დასაქმებულები აცხადებენ, მათ ძლიერი დარტყმა მიიღეს როგორც პირველ, ასევე, მეორე „ლოკდაუნის“ დროს.

„ჩვენ როგორც ერთობლივად განცხადებაში აღვნიშნავთ, 2020 წლის გაზაფხულზე მკაცრი კარანტინის პირობებში საქართველოს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ უმძიმესი დარტყმა მიიღო, ხოლო 2020 წლის 26 ნოემბრის მთავრობის დადგენილების შესაბამისად, როდესაც მხოლოდ მიტანის სერვისი აქვს, ინდუსტრია ფაქტობრივად იძულებულია სრულიად შეაჩეროს საქმიანობა. ვინაიდან მიტანის სერვისით მიღებული შემოსავლით ვერ შევძლებთ აუცილებელი ხარჯების გასტუმრებას.

განცხადებაში, ასევე, საუბარია ბანკების დამოკიდებულებაზე ინდუსტრიასა და მასში მომუშავე ადამიანების მიმართ. ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა ნებისმიერი სესხის აღება, რაც შემდგომი ეკონომიკური საქმიანობის გასაგრძელებლად დამატებითი მნიშვნელოვან ბარიერს ჰქმნის.

საინიციატივო ჯგუფის შეთავაზებაა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან შეხვედრის ფარგლებში, რომელიც აუცილებელია უმოკლეს ვადებში გაიმართოს, რამდენიმე პუნქტიანი განაცხადი და განვიხილოთ ეს განაცხადი მასთან ერთად. რისი შესრულებაც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი სფერო გადარჩეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე შემუშავებულ პუნქტებს შორისაა სახელმწიფოს მიერ შემდგომი 1 თვიანი პერიოდის განმავლობაში ინდუსტრიაში დასაქმებულთა ხელფასების კომპენსაცია, სახელმწიფო გახდეს გარანტორი საქართველოში მომუშავე ფინანსურ ინსტიტუტებთან სფეროში მომუშავე როგორც იურიდიული, ასევე, ფიზიკური პირებისთვის სესხების გაცემის უზრუნველსაყოფად და ასევე კვების ობიექტებისთვის გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი, ხოლო „ლოკდაუნის“ 2 თვიან პერიოდში 0%-იანი სესხების გამოსაყოფად“, - აცხადებენ კვების ინდუსტრიაში დასაქმებულები.

მათივე თქმით, 1 წლის განმავლობაში დღგ-ს განაკვეთის შემსუბუქებას ითხოვენ.

ისინი ასევე ყველა სახის კომუნალურ გადასახადზე საშეღავათო პერიოდის დაწესებას ითხოვენ სტუმარმასპინძლობის სფეროში მომუშავე იურიდიული პირებისთვის.

„ინდუსტრიას კვლავ მიეცეს საშუალება ისარგებლოს საშემოსავლო-საგადასახადო სუბსიდირების პროგრამით 1 წლის განმავლობაში, რომელზეც მუშაობა როგორც ვიცით მიმდინარეობს. თუმცა, გაურკვეველია ეს ყველაფერი როდის იქნება. ვითხოვთ დაუყოვნებლივ უახლოეს ვადებში მოხდეს ამ პუნქტების გააზრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 26 ნოემბერს ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მთავრობამ შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

⭕21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე.

⭕ მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა.

⭕ რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე.

დასაშვებია 👇

✅ პროდუქტების გატანა ე.წ. takeaway

✅ „დელივერი“

✅„დრაივი“

✅ ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა

✅ ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება - დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით

✅ სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა