მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, მოლდოვასა და უკრაინის საელჩოებთან თანამშრომლობით ვებინარი გაიმართა

ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი სალომე შაფაქიძე

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტმა ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანაორგანიზებით, მოლდოვისა და უკრაინის საელჩოებთან თანამშრომლობით ვებინარი გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვებინარი სამი ასოცირებული ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით მათ ხედვას შეეხო.

„ღონისძიებაში ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა სალომე შაფაქიძემ. ვებინარის მონაწილეებს შორის ასევე იყვნენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირისა და ნატო-ს დეპარტამენტის დირექტორი მარინა მიხაილენკო. მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტროს ევროინტეგრაციის დირექტორატის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმირ კუკი. ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხების დირექტორი ლორენს მერედიტი, ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის ევროკავშირის განყოფილების გენერალური დირექტორი ჯო ჰაკეტი.

აღსანიშნავია, რომ ვებინარი წარმოადგენდა სამი ასოცირებული ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისადმი მიძღვნილ კიდევ ერთ ღონისძიებას, რომელზეც ხაზი გაესვა ამ ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და ხედვას ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის კუთხით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სალომე შაფაქიძემ ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციაზე, როგორც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ საგარეო პოლიტიკურ მიზანზე.

ამ კონტექსტში, მან ძირითადი ყურადღება გაამახვილა შემდგომ ნაბიჯებზე, კერძოდ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი სრული ინტეგრაციასა და ევროკავშირთან დაკავშირებულობის გაძლიერებაზე შავი ზღვის პოტენციალის გამოყენებით.

მან ყურადღება ასევე გაამახვილა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მეტ ჩართულობას ამ პროცესში.

ვებინარზე განხილულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი ხედვა და მიზნები. მონაწილეთა მხრიდან აღინიშნა პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა და ამ კონტექსტში, მოლოდინები 2021 წელს დაგეგმილი სამიტიდან.

ვებინარს ესწრებოდა ფართო აუდიტორია, დიპლომატიური კორპუსის ჩათვლით.​