მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისიდან ახალი წლის პერიოდში რამდენიმე ავიარეისი განხორციელდება

ქუთაისი-დორტმუნდი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიარეისების მიღებას ახალი წლის პერიოდში განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ამავე ცნობით, 18 დეკემბერს, ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air პანდემიის პირობებში, დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პირველ ავიარეისს შეასრულებს.

ამ ეტაპზე, ავიაკომპანია ქუთაისი-დორტმუნდის საჰაერო ხაზზე მხოლოდ 3 რეისს საახალწლო პერიოდში განახორციელებს. რეისები 18, 25 დეკემბერს და 8 იანვარს შესრულდება.

„შეგახსენებთ, არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ შენობაში არ დაიშვებიან.

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე, უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ სახელმწიფო საზღვარზე, დაექვემდებარებიან 8 დღიან თვითიზოლაციას, PCR ტესტის არ ქონის შემთხვევაში, კარანტინის ნაცვლად, 12 დღიან თვითიზოლაციაში გადავლენ.

რაც შეეხება საზღვრის კვეთის კუთხით გერმანიის მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს, ტურისტებისთვის, უვიზოდ მგზავრობა გერმანიაში ჯერჯერობით ნებადართული არ არის. შესვლაზე შეზღუდვა არ ვრცელდება ვიზის არსებობის შემთხვევაში.

სხვა დანარჩენი პირებისათვის (ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი; მაღალკვალიფიციური მუშახელი, სტუდენტები რიგ შემთხვევაში) გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა დაშვებული იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში“, - ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.

👉 ინფორმაციისთვის, გერმანიის ქალაქ დორტმუნდიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისები 2016 წლიდან ხორციელდებოდა. პანდემიის პირობებში, ეს იქნება პირველი ფრენა, რომელიც ქუთაისსა და დორტმუნდს შორის შესრულდება.