მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან დავითაშვილი: ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოსახლეობას ისედაც რთულ ვითარებაში არ გაუჩნდეს დამატებითი საზრუნავი

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრიფინგი 2020

ლევან დავითაშვილი: "დღეს არსებულ ვითარებაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის მოსახლეობის სურსათით და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგების უწყვეტობა, მარაგების არსებობა"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესის სწორად წასამართად ჩამოყალიბდა.

"დღეს არსებულ ვითარებაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის მოსახლეობის სურსათით და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგების უწყვეტობა, მარაგების არსებობა. მთელ რიგ ქვეყნებში იყო შეფერხებები მიწოდებაში. ხშირ შემთხვევებში, ამის მიზეზი პანიკური შესყიდვებია. ჩვენთან პროცესები სწორად იყო მართული და, შესაბამისად, შეფერხება მიწოდებაში არ გვქონია, თუმცა იყო გარკვეული უხერხულობები - რიგები, პანიკური მოთხოვნა, რომელიც ფასების სპეკულაციური ზრდის ცდუნების საფრთხეს ქმნიდა ბაზარზე. დღეისათვის სიტუაცია სტაბილურია - აღარ არის რიგები, სავაჭრო ქსელები მუშაობს შეუფერხებლად და პროდუქტი მიეწოდება ბაზარს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ამ ეტაპზე პროდუქტების მარაგი საკმარისია. ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ ვინაიდან ცალკეულ ქვეყნებს შეექმნათ პრობლემები, შესაძლოა გარკვეული პროდუქციის მოწოდებაში შეფერხებები იყოს.

"რაც შეეხება მარაგებს, სამინისტრო უწყვეტ მონიტორინგს ვახორციელებთ ხორბალზე და ყველა იმ პროდუქტზე, რაც მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია, მათ შორის, ზეთი, ბურღულეული პროდუქტი, მშრალი პროდუქტები, ცილოვანი პროდუქტები, ხორცპროდუქტები და ა.შ. ქვეყანაში მარაგები საკმარისია. პროცესი კონტროლდება, რათა ბაზარზე წყვეტა არ იყოს. ეს არ არის მარტივი პროცესი, რადგან რთულ ვითარებაში იმყოფება მთელი მსოფლიო. შესაბამისად, მოწოდებაში შეფერხებები შეიძლება იყოს, რადგან ცალკეულ ქვეყნებს შეექმნათ პრობლემები. სწორედ ამიტომ არის ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად კონცენტრირებული ყურადღება; ვმუშაობთ მოწოდების ალტერნატიულ წყაროებზე, რეგულარულად ვხვდებით და ვმუშაობთ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ვახდენთ შიდა რესურსების მობილიზებას. ეს არის პროცესი, რომელიც ამ რთული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება იმისთვის, რომ მოსახლეობას არ შეექმნას შეფერხება და არ გაუჩნდეს დამატებითი საზრუნავი ისედაც რთულ ვითარებაში", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.