სამ თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან დაიწყებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
კომპანია მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგენს:
✔️თბილისი-ბათუმი-თბილისი
✔️თბილისი-ზუგდიდი-თბილისი
✔️თბილისი-ოზურგეთი-თბილისი
✔️თბილისი-ფოთი-თბილისი და თბილისი-ქუთაისი-თბილისი
ბილეთების გაყიდვა ონლაინ დღეიდან დაიწყება, ხოლო რკინიგზის სალაროები ხვალიდან, კერძოდ 26 თებერვლიდან გაიხსნება.
მატარებლების განახლებულ განრიგს საქართველოს რკინიგზა უახლოეს საათებში საკუთარ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში განათავსებს.
რაც შეეხება კოვიდ 19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს:
⚫გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს
⚫მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით
⚫ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული
⚫მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად
⚫პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.