მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეგი ბაქრაძის ადვოკატი: ერთი კვირაა გასული და საგამოძიებო უწყების მხრიდან არცერთ კითხვაზე პასუხი არ არსებობს

ექთანი

მეგი ბაქრაძის ოჯახის ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგაც გამოძიებას არცერთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი არ აქვს.

როგორც ადვოკატი, ვახტანგ ბარამაშვილი აღნიშნავს, უფლებადამცველებს აქვთ რეგულარული კომუნიკაცია საგამოძიებო უწყებებსა და პროკურატურასთან, თუმცა, მათგან ამ ეტაპზე მიიღეს სამედიცინო ისტორიის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც, გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით, ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

„წინა დღეებში მივიღეთ სამედიცინო ისტორიის ნაწილი, რომელიც იძლევა თითოეული ვერსიის განვითარების შესაძლებლობას. ვმუშაობთ რამდენიმე ვერსიაზე, პირველი ესაა ანაფილაქსიური შოკი; მეორე ვერსია ეს არის - ფილტვის თრომბო ემბოლია და იცით, რომ ორივე მათგანი ზოგადად ახასიათებს კოვიდზე იმუნიზაციის პროცესს. მესამე ვერსია, რომელზეც ვმუშაობთ ეს არის, ფილტვების ორმხრივი მინისებრი დაბინდვა, რაც არის დამახასიათებელი კოვიდისთვის“,- განაცხადა მან.

ადვოკატი არ გამორიცხავს იმასაც, რომ მეგი ბაქრაძეს კოვიდ 19 ვაქცინაციამდე გადატანილი ჰქონდა, რადგან, მისი თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მას ჩაუტარდა ტესტირება კორონა ვირუსზე.

„პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მას ჩაუტარდა ტესტი კოვიდზე და იყო უარყოფითი, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მეგის გადატანილი ჰქონდა კოვიდი და ამან გამოიწვია მძიმე შედეგები. ვმუშაობთ ყველა ვერსიაზე“,- განმარტა ადვოკატმა.

ოჯახის უფლება დამცველმა მიმართა მეგის კოლეგებსა და სამედიცინო ასოციაციებს, რომ მოამზადონ შეფასება და დასკვნა იმ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, რომელზეც დღეს ადვოკატებს ხელი მიუწვდებათ.

„გთხოვთ დახმარებას, სამედიცინო ასოციაციებს მოგმართავთ, გადმოგცემთ დოკუმენტაციას, რაც ხელთ გვაქვს, ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ, მოამზადეთ თქვენი დასკვნა, თქვენი შეფასება მიეცით ამ სიტუაციას. მეგის შემთხვევა უნდა იყოს ის, რომელიც დაიცავს დანარჩენ საქართველოს ანალოგიური შემთხვევებისგან. უნდა გავარკვიოთ სიმართლე, რომ არასდროს აღარ განმეორდეს იგივე“,- განაცხადა ვახტანგ ბარამიშვილმა.

ოჯახის კიდევ ერთი ადვოკატი, ნინო ამაღლობელი კი გამოძიების პროცესში არსებულ სხვა ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას.

„არ რის გამოკითხული არცერთი მოწმე, ჩვენ 2 დღის წინ მივმართეთ საგამოძიებო უწყებას კლინიკა „იმედის“ თანამშრომლების გამოკითხვის მიზნით და გუშინ დაიყო საგამოძიებო მოქმედებები პროკურატურამ, ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, საქმეში არ დევს სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომელიც გამოძიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„საქმეში არ გვაქვს წარმოდგენილი სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, არც ახალციხის კლინიკიდან, არც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. გამოკითხულია მხოლოდ კლინიკა „იმედის“ უფლებამოსილი პირი სამეთვალყურეო კამერებზე, რომელიც თანახმაა, რომ წარმოადგინოს აღნიშნული კამერები. თუმცა, გამოძიება სასამართლოს მიმართავს კლინიკა „იმედიდან“ მხოლოდ და მხოლოდ ამ კამერების დათვალიერების შუამდგომლობით, რაც საჭიროებას არ წარმოადგენდა, რადგან თანხმობა ზედამხედველი პირის მხრიდან უკვე არის განცხადებული“, - განმარტა მან.

ნინო ამაღლობელი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ადვოკატებს აქვთ კომუნიკაცია 4 პირთან, რომლებიც ფლობენ დეტალურ ინფორმაციას მეგი ბაქრაძის ვაქცინაციამდელ და ვაქცინაციის შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ადვოკატები უახლოეს დღეებში მიმართავენ პროკურატურას, მათი გამოკითხვის მოთხოვნით.

„ჩვენ გვყავს 4 პირი, რომლებმაც იცოდნენ მეგი ბაქრაძის მდგომარეობა ვაქცინაციამდე და იციან, თუ რა დახმარება გაეწია მას ვაქცინაციის შემდგომ. ისინი მიიჩნევენ ამას საგანგაშოდ. მინდა გაგიმხილოთ, რომ ეს პირები არ არიან სუბიექტური პირები, არც ოჯახის წევრები და არც მეგობრები.

აუცილებლად გეტყვით იმას, რომ ჩვენ, შემჭირდოვებულ ვადებში, მივმართავთ პროკურატურას შუამდგომლობით, ყველა ამ პირის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციით, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხონ აღნიშნული პირები“,- განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატებმა აღნიშნეს ისიც, რომ ოჯახის ინტერესია მხოლოდ სიმართლის დადგენა და არა - რომელიმე ადამიანის დასჯა და მასზე მთელი პასუხისმგებლობის დაკისრება.

„ჩემი ინფორმაციით, ახალციხის კლინიკის პერსონალში არსებობს შიშები, რომ ერთეულ ადამიანებზე გადატყდება ეს ამბავი. მინდა ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ოჯახის ინტერესს წარმოადგენს სიმართლის დადგენა და მინდა ამ ადამიანებს, ჰქონდეთ სახელმწიფოს წარმომადგენლების იმედი, რომ გამოძიება ჩატარდება ობიექტურად და ერთ ადამიანზე ჯოხი არ გადატყდება“,- აღნიშნა ოჯახის უფლება დამცველმა.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ახალგაზრდა ექთანს სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

პაციენტი თბილისში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 19 მარტს გარდაიცვალა.