მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიმდინარეობდა პანიკის დათესვა, თითქოს მოსახლეობის ევაკუაცია იყო საჭირო“ - კახა კალაძე მაჭავარიანის ქუჩის მეწყერზე

დარწმუნებული ვარ, წლევანდელი ბიუჯეტი პირველადთან შედარებით განსხვავებული იქნება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყერზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გააცნო. 

როგორც მან აღნიშნა, ფერდობზე მეწყრის პრობლემა რამდენიმე ათეული წელია არსებობს, თუმცა სიტუაციის გაუარებისთანავე მერიამ ადგილზე მონიტორინგი დაიწყო.

„პირველ რიგში შექმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი. პრობლემის მოგვარებაში დროულად ჩაერთნენ გერმანელი ექსპერტები. ამ ჯგუფში შედიან სპეციალისტები, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, სამხარაულის ბიუროს ექსპერტები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

16 მარტს შეიზღუდა მოძრაობა მაჭავარიანის ქუჩაზე, რათა უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული.

დავიწყეთ მეწყრული ზონის 24-საათიანი მონიტორინგი. გასულ კვირას დავამონტაჟეთ მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც უფრო ზუსტი დაკვირვებისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განმარტებით, სხვადასხვა პირები საზოგადოებაში პანიკას თესავდნენ, თითქოს მოსახლეობის ევაკუაცია აუცილებელი იყო.

„ასევე შემუშავებულია ევაკუაციის გეგმა. ამის საჭიროება არ არსებობს, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის ეს გაკეთდა. ხდებოდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება და პანიკის დათესვა, თითქოს აუცილებელი იყო მოსახლეობის ევაკუაცია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, მერიამ მეწყერზე გასატარებელი ღონისძიებებისთვის კომპანია „როუდ პროჟექტის“ მომსახურება შეიძინა.

„მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის შევიძინეთ კვლევა-პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების მომსახურეობა კომპანია „როუდ პროჯექტისგან“. ეს კონკრეტული კომპანია, გერმანელ ექსპერტებთან ერთად ახორციელებდა წყნეთი-ბეთანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე ეს კონკრეტული კომპანია და ექსპერტები ჩართულები არიან შეშელიძის ქუჩაზე მეწყრულ ფერდზე მიმდინარე სამუშაოებში.

ამჟამად ფერდის სტაბილიზაციისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის ყველა გადაუდებელი ღონისძიება ტარდება. კერძოდ ზედა ნაწილში მიმდინარეობს ცემენტიზაცია, რათა მეწყრის გადაადგილება შემცირდეს, ასევე ეწყობა დროებითი გზები, რათა სამუშაოების მომდევნო ეტაპზე გატარდეს მთელი რიგი ღონისძიებები, რათა მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა.

შემთხვევის გამო მაჭავარიანის ქუჩაზე შეზღუდულია მოძრაობა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ახლა, აქ რომ ვდგავართ, სიკვდილს ვეთამაშებით“ - ვითარება მაჭავარიანის ქუჩის მეწყერზე (ვიდეო)

„აუცილებელია მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე დროებით გადაყვანა“ - თეა გოდოლიძე მაჭავარიანის ქუჩასთან მეწყერზე

„მაჭავარიანის ქუჩასთან მიწის მოწყვეტილი მასა ვერეს 2015 წლის მოვლენების დროს დაძრული მასის ტოლფასია“ - კვლევის შუალედური დასკვნა