მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მკვლელი ლიფტები“ - ვინ უნდა ითავოს მათი კონტროლი?

ლიფტის შახტა

სამშენებლო სექტორში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, საუბარია გამკაცრებულ რეგულაციებზე შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გამკაცრებულია სამშენებლო ობიექტის უსაფრთხოების საკითხიც, მაგალითად, სავალდებულო სახანძრო კიბე და სხვა მოთხოვნები. მიუხედავად ამისა, მაინც ხშირია უბედური შემთხვევები, როგორიც იყო მაგალითად 2 ივლისს მომხდარი ფაქტი – 6 წლის ბავშვი ლიფტის შახტში ჩავარდა.

იგივე 2 ივლისს, წყალტუბოში სავაჭრო ცენტრის ყოფილი შენობის ლიფტის შახტში 17 წლის გოგო ჩავარდა და დაიღუპა.

საინტერესოა, როგორ უნდა განხორციელდეს ლიფტების პერმამენტული მონიტორინგი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიები.

ამ თემასთან დაკავშირებით PIA.GE „მენაშენთა ასოციაციის" თავმჯდომარეს ირაკლი როსტომაშვილს ესაუბრა.

მისი თქმით, ლიფტების პერმამენტული შემოწმებისთვის უნდა არსებობდეს გარკვეული ჯგუფი, რომელიც მოახდენს ლიფტების ინსპექტირებას.

„უნდა არსებობდეს  ორგანიზაცია, რომელსაც ჰყავს დაქირავებული თანამშრომლები და შეამოწმებენ ლიფტებს. მათ სჭირდებათ ანაზღაურება, ადამინი, ვინც ფულს გადაუხდის. ასევე, გასარკვევია დაფინასების საკითხი. დააფინანსებს მერია თუ ადამიანები, რომლებიც კორპუსში ცხოვრობენ. ჩემი აზრით, ეს უფრო რეალურია, რომ სისტემატურად აგროვდეს ფული და გადაუხადონ გარკვეულ კომპანიას ან ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც სისტემატურად შეამოწმებენ ლიფტების გამართულობას“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

„მენაშენთა ასოციაციის" თავმჯდომარის აზრით, ლიფტის მოვლა ევალება მოსახლეობას, რომელიც დაიქირავებს შესაბამის ჯგუფს გადაუხდის ხელფასს და ამით მოგვარდება „მკვლელი“ ლიფტების პრობლემა.

„ლიფტის მომსახურებას სჭირდება მუდმივი კონტროლი. მაგ: 6 თვეში ერთხელ უნდა შეზეთვა, 5 წელიწადში ერთხელ უნდა კაპიტალური რემონტი. ხალხი უნდა მიხვდეს, რომ ლიფტის შესამოწმებლად ფული უნდა გადაიხადოს. ესაა მექანიზმი ლიფტების პერმამენტული მონიტორინგისთვის“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

გლდანში, ლიფტის შახტში 6 წლის ბავშვი, წუხელ, 2 ივლისს, გვიან ღამით ჩავარდა. დაშავებული თემქაზე, ბავშვთა პედიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით და ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.