მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს“ - ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდის ინციდენტზე

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი

„მსგავსი რამ ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს. ეს არის გაუგონარი თავხედობა. ეს ყველა მართლმადიდებელ ქართველს, საქართველოს მოქალაქეს უნდა ეხებოდეს. ეს არის ეკლესიისა და სიწმინდის ფეხქვეშ გათელვა. მიმდინარეობდა კრება, სადაც მოხდა შეჭრა. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება ჩაატაროს კრება დამსწრეების გარეშე. ეს არის დევნა. ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს. ამას ვამბობ ბევრი მღვდელმთავრის სახელით“, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მან ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

„ძალიან ვწუხვარ მომხდარი ინციდენტის გამო, რა დროსაც დაზიანდნენ ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები. ძალიან სამწუხარო ფაქტია. ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. იქ აივანი არის საკმაოდ ვიწრო. ჟურნალისტები აქ საერთოდ არ უნდა ასულიყვნენ. კრება მიდის და ერთი შუშა ჰყოფს აივანს და კრების დარბაზს. იქ ჟურნალისტები არ უნდა ყოფილიყვნენ“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ მრევლსა და სასულიერო პირებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა ორი დიაკვნისთვის მსახურებაში მონაწილეობის აკრძალვას მოჰყვა. ინციდენტისას რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ისინი შენობის აივნიდან გადაცვივდნენ.

ადგილზე შეკრებილმა მრევლმა სტეფანე კალაიჯიშვილისგან ეპარქიის დაუყოვნებლივ დატოვება მოითხოვეს.