მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტში ყველაზე მეტი ქალი დეპუტატი საქართველოზე 7-ჯერ ღარიბ რუანდაშია

რუანდის  პარლამენტი

94 ხმით 1-ის წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით სავალდებულო კვოტირების სისტემა დაამტკიცა. ცვლილების თანახმად, პარტიულ სიაში ყოველი 4-დან 1 მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში მინიმუმ, 30 ქალი იქნება. დღეს მათი რიცხვი 21-ს შეადგენს. ცვლილებებს, მომხრეებთან ერთად, მოწინააღმდეგეებიც ბევრი ჰყავს, მათ შორის - ლიბერალურ წრეებშიც.

საქართველოში საკონანმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების პირველი არჩევნები 1919 წლის 14-17 თებერვალს ჩატარდა. პირველივე არჩევნებზე ქალებს უკვე ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება, მეტიც 130 დეპუტატიდან 5 ქალი იყო. ამ ფაქტში დღეს გასაოცარი არაფერია, თუმცა 1 საუკუნის წინანდელი მსოფლიო სხვაგვარად იყო მოწყობილი. თუ ქალებმა საქართველოში ხმის მიცემის უფლება 1918 წელს მიიღეს, (დამოუკიდებლობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, უფრო ადრეც მიიღებდნენ) აშშ-ში იმავე უფლებით სარგებლობა ქალებმა მხოლოდ 1920 წლიდან შეძლეს, ესპანეთსა და პორტუგალიაში 1931 წლიდან, საფრანგეთში 1944 წლიდან, იტალიაში და იაპონიაში 1945 წლიდან, იაპონიაში 1948 წლიდან.

khmis-uphleba_o_h.jpeg

პირველი 5 ქალი დეპუტატიდან გასაბჭოების შემდეგ სამს რეპრესიები შეეხო. მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძესა და ელეონორა ტერ-ფარსეგოვა მახვილაძეს მრავალი წელი მოუწიათ გადასახლებაში ყოფნა. ანა სოლოღაშვილი კი 1937 წელს დახვრიტეს.

71 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა. 250 დეპუტატიდან 17 ქალი იყო. როგორც პროცენტულად, ასევე რაოდენობრივად ყველაზე მეტი ქალი 2016 წლის IX მოწვევის პარლამენტში მოხვდა - 24 დეპუტატი, სრული შემადგენლობის 16%. მანდატზე საკუთარი სურვილით უარის თქმისა და სხვადასხვა თანამდებობაზე გადასვლის გამო მათი რიცხვი 21-მდე შემცირდა. 

კარგია თუ ცუდი სავალდებულო კვოტირება?

მისი მომხრეები აცხადებენ, რომ სხვანაირად ქალები დისკრიმინაციას განიცდიან და პარტიის დამფუძნებლები მათ სიაში, უბრალოდ, არ სვამენ, რაც თანასწორობის პრინციპს არღვევს. მოწინააღმდეგეებს კი სჯერათ, რომ იძულებით პრობლემა ვერ მოგვარდება, უფრო მეტიც, ქალების შეურაცხყოფად და დისკრიმინაციად სწორედ კვოტირება მიაჩნიათ, რადგან ქალს დეპუტატად გახდომა დამოუკიდებლადაც უნდა შეეძლოს და ხელის წაშველება, როგორც სუსტს, არ უნდა სჭირდებოდეს. მათივე განცხადებით, იმ პირობებში როცა ქალისა და კაცის კანონის წინაშე თანასწორობა კონსტიტუციითაა გარანტირებული, იძულება არღვევს როგორც პარტიის დამფუძნებლის, ასევე, ამომრჩევლის უფლებას. ამავე დროს შეუძლებელი ხდება, რომ რომელიმე პარტიამ საკუთარი სურვილით სიაში 80 ან 87 პროცენტი კაცი ან თუნდაც ამავე ოდენობის ქალი შეიყვანოს და გადაწყვეტილების მიღების საშუალება ამომრჩეველს მიანდოს. მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვრად, შესაბამისად, 25 და 75 პროცენტი დაწესდა.

რა ვითარებაა ამ მხრივ სხვა ქვეყნებში?

სახელმწიფოთა უმრავლესობაში ქალების წილი პარლამენტში ნამდვილად უფრო მეტია, ვიდრე საქართველოში, თუმცა, ყველაზე მეტი ქალი დეპუტატი რუანდას ჰყავს, ქვეყანას, რომელიც საქართველოზე 7-ჯერ ღარიბია. ასევე, თუ ადამიანური განვითარების ინდექსით საქართველო 70-ე ადგილს იკავებს, რუანდა 158-ე ადგილზეა. ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის 30% წერა-კითხვის უცოდინარია. რუანდაში კვოტირება 26 წლის წინ დაწესდა. დეპუტატთა ნახევარზე მეტი ქალია კუბასა და ვენესუელაშიც, როგორც ერთმა, ასევე, მეორე სახელმწიფომ ღიად დაუჭირა მხარი ვენესუელაში მადუროს დიქტატურას. ეს ქვეყნები ვერც ეკონომიკური შესაძლებლობებით დაიკვეხნიან.

kalebis-tsili_o_h.jpeg

სიაში მერვე ადგილზეა ნიკარაგუა, რომელმაც, ვენესუელასთან ერთად, 2009 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა და სადაც დღემდე დანიელ ორტეგას რეჟიმი მოქმედებს. შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე ნიკარაგუაში, საქართველოსთან შედარებით, 3-ჯერ ნაკლებია.

პრაქტიკულად იმ 12 ქვეყნიდან, სადაც ქალ დეპუტატთა წილი 40%-ზე მეტია, განვითარებული მხოლოდ ორი სახელმწიფოა: შვედეთი და ფინეთი.

უაზრობა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ღარიბ და არადემოკრატიულ ქვეყნებში სიღარიბისა და დიქტატურის მიზეზი ქალი დეპუტატების სიმრავლეა, უბრალოდ, ქალი დეპუტატების რიცხვის ზრდა ავტომატურად დემოკრატიის ინდექსისა და შემოსავლების ზრდას არ იწვევს. 

ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი