მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილს პლაგიატიზმში ადანაშაულებენ - ანტიპლაგიატის პროგრამამ მის სადისერტაციო ნაშრომში 85% დამთხვევა აღმოაჩინა

პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი

ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-მ აკადემიური ეთიკის დარღვევის დადგენის მიზნით შექმნილი კომისიის დასკვნა მოიპოვა, სადაც კომისიის წევრები პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის მხრიდან როგორც თვითპლაგიატიზმზე, ისე სხვისი ნაშრომების კომპილაციაზე მიუთითებენ.

კერძოდ, დასკვნაში წერია, რომ კომისიის წევრებმა განიხილეს და შეაფასეს ორი საკითხი: ფიქსირდება თუ არა თვითპლაგიატის ფაქტი იაგო კაჭკაჭიშვილის სადისერტაციო ნაშრომისა და 2001 წელს გამოცემული მისი წიგნის შემთხვევაში, და არის თუ არა იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ 2001 წელს დაცული სადოქტორო დისერტაციის უდიდესი ნაწილი სხვა ავტორების ნაშრომების კომპილაცია.

კომისიამ, რომელიც ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე შეიქმნა, განიხილა წარმოდგენილი დოკუმენტების ანტიპლაგიატის სისტემებით შემოწმების შედეგებიც. ანტიპლაგიატის ერთი პროგრამით (Urkund) ტექსტის 85% ემთხვეოდა, მეორე პროგრამით (Turnitin) კი 77%.

პლაგიატის საკითხი:

როგორც კომისიის წევრები ამბობენ, იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომი „სოციალური მოქმედების თეორიები“, რომელიც მან 2001 წელს სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად წარადგინა, ასევე მისივე წიგნი „სოციალური მოქმედების თეორიები“, რომელიც 2001 წელს გამოიცა და დაშვებულია დამხმარე სახელმძღვანელოდ მაგისტრანტებისთვის, ფაქტობრივად იდენტურია შინაარსობრივი თვალსაზრისით.

„განურჩევლად იმისა, 2001 წელს ჯერ სახელმძღვანელო შეიქმნა და მერე იქნა წარმოდგენილი სადისერტაციო ნაშრომი თუ პირიქით, არცერთ მათგანში არ არის მითითებული, რომ მეორე მათგანი პირველზე დაყრდნობით შეიქმნა, რაც თვითპლაგიატის თავიდან აცილების შესაძლებლობას შექმნიდა“,- აცხადებენ კომისიის წევრები.

კომპილაციის საკითხი:

კომისიის წევრების თქმით, წარმოდგენილი სადისერტაციო ნაშრომი, ავტორის მითითებითა და მინიჭებული კოდის მიხედვით, შესრულებულია თეორიული სოციოლოგიის დარგში. ავტორს განხილული აქვს სხვა ავტორთა ნაშრომები, რაც სადისერტაციო ნაშრომის დიდ ნაწილს მოიცავს.

„ავტორის მიერ დასახელებული სიახლეები, მაგალითად, ნაშრომში განხილული თეორიების სისტემური ანალიზი და კონკრეტული თეორიების მიმოხილვა, ასევე, აღნიშნული სადისერტაციო ნაშრომის წიგნად გამოქვეყნებული ვერსიისთვის მინიჭებული სახელმძღვანელოს სტატუსიდან გამომდინარე, შეიცავს კომპილაციის ნიშნებს“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

როგორც დასკვნაშია მითითებული, იაგო კაჭკაჭიშვილის მხრიდან აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა ფიქსირდება.

„აქვე აღვნიშნავთ, რომ თითქმის 20 წლის წინ წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომის ამ კუთხით განხილვა და შემდგომი ქმედებების განხორცილება არ არის სასურველი პრეცენდენტი“,- ნათქვამია დასკვნაში.

აკადემიური ეთიკის დარღვევის დადგენის მიზნით შექმნილმა კომისიამ აღნიშნული დასკვნით უკვე მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს.