მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრეფიკინგზე ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში პრეზენტაცია

საგარეო საქმეთა სამინისტროში წიგნის- „ტრეფიკინგის სახელმძღვანელო საკონსულო თანამდებობის პირებისათვის“პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ხათუნა თოთლაძესა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს შორის შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც მისიის ხელმძღვანელმა მინისტრის მოადგილეს „ტრეფიკინგის სახელმძღვანელო“ გადასცა.

სახელმძღვანელო მომზადდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ევროკავშირის მხარდაჭერით, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით. ინსტრუქციული ხასიათის პუბლიკაცია განკუთვნილია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირებისათვის და მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა ტრეფიკინგის დანაშაულის ბუნება, სამართლებრივი ჩარჩო, რეფერალური მექანიზმები, ჩასატარებელ მოქმედებათა დეტალური აღწერილობა და სხვა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი, მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ საკონსულო თანამდებობის პირებს ჰქონდეთ სათანადო ცოდნა და პროფესიული უნარები ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დასაცავად და დასახმარებლად.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას და ევროკავშირს, რომელთა მხარდაჭერითაც უკვე მეორედ მომზადდა „ტრეფიკინგის სახელმძღვანელო საკონსულო თანამდებობის პირებისათვის“. სამინისტრო განსაკუთრებულ მადლობას უხდის ასევე ექსპერტს, სახელმძღვანელოს ავტორს, რუსუდან ტუშურს.