მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სახელმწიფომ შექმნა ყველა ინსტრუმენტი, რომ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს“ - ლევან დავითაშვილი

სოფლის მეურნეობა

„იცით, რომ რთველი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია. დღეღამური გადამუშავება 10 000 ტონას აღემატება. ამ მომენტისთვის, კახეთის რეგიონში, 60 000 ტონა ყურძენია ინდუსტრიულად გადამუშავებული. ყურძნის სიმწიფე კარგია ყველა მუნიციპალიტეტში და ახლა, ყურძნის კრეფა და ჩაბარება ადგილწარმოშობის ზონებში - გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში დაიწყება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა დღს, 16 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.

ლევან დავითაშვილი გამოეხმაურა გარკვეული პოლიტიკური ძალების ქმედებებს.

„ეს არის პოლიტიკური პოპულიზმი, საკმაოდ მდარე, პოპულისტური ნაბიჯები, რომელიც ჩვენი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობს, არანაირად არ პასუხობს და პირიქით, აზიანებს ფერმერების ინტერესებს და ხელს უშლის პროცესის სწორად, ლოგიკურად წარმართვას.

იმ პერიოდში, როდესაც კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გართულდა გაყიდვები, ტურისტული ინდუსტრია, რომელიც არის ძირითადი მყიდველი, იყო შეზღუდული, HORECA სეგმენტს ჰქონდა დარტყმა ყველა სამიზნე ბაზარზე, განსაკუთრებით გართულდა პრემიუმ ხარისხის პროდუქციის რეალიზაცია“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, წინასწარი შეფასებით მოსავლის 80 % იქნებოდა ჩაუბარებელი, რადგან კერძო სექტორში არ იქნებოდა საკმარისი ფინანსური რესურსი ბაზარზე ყურძნის შესაძენად. იმ ღონისძიებების შედეგად, რომელიც ჩაატარეს, კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნის მნიშვნელოვნად გაზრდა.

„ამავე დროს, ავამოქმედეთ მეორე ინსტრუმენტი, რომელიც უკავშირდება პირდაპირ ფასებს. ეს არის რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე პირდაპირი სუბსიდირება, რომელიც 1 კგ ყურძენზე დაახლოებით, 30 თეთრით განისაზღვრა. დაიდო პირობა, რომ მინიმალური ფასი, რომელსაც კომპანიები გადაიხდიდნენ სუბსიდირების, კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, იქნებოდა 80 თეთრი და ეს არის ის საფასო ნიშნული, რაც ჩვენი მევენახე ფერმერების ინტერესების დაცვას პასუხობს და რა თქმა უნდა, ისინი მოგებით შეძლებენ თავიანთი შრომით მოწეული პროდუქტის რეალიზებას“, - დასძინა მან.

ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფომ შექმნა ყველა ინსტრუმენტი და გარანტიები იმისთვის, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს. ასევე, გამოიყო სახსრები სახელმწიფო კომპანიისთვის, რათა ყველა ღონისძიების მიუხედავად, ჭარბი მოსავლის დარჩენის შემთხვევაში, მან ჩაიბაროს და გადაამუშაოს ყურძენი. ეს იმ პირობებში, როდესაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ ვენახებში დატოვონ მოუკრეფავი ყურძენი, იმის გამო, რომ ჭარბი სიმძლავრეები, კონკრეტული მოცულობები არ არსებობს, რომ ჩაიწუროს ყურძენი.