მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ბეირუთის აფეთქებასთან საქართველოს კავშირს გამორიცხავს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შენობა

„აღნიშნულ ინციდენტთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, რამდენადაც ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი“,– ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

სააგენტოს განმარტებით, ბეირუთის პორტში აფეთქების მიზეზად ოფიციალურმა პირებმა ამონიუმის ნიტრატის დასაწყობების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევა დაასახელეს.

„აღნიშნული ნივთიერება ბეირუთის პორტში მოხვდა შემდეგი გზით: 2013 წლის სექტემბერში ლიბანის საპორტო კონტროლის სახელმწიფო ინსპექციის მიერ, დაკავებული იქნა მოლდოვას დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი Rhosus. მიწერის პორტი ჯურჯულეშტი, მოლდოვა. აღნიშნული გემი ახორციელებდა 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატის ტრანსპორტირებას საქართველოდან (ბათუმის პორტი) მოზამბიკში (პორტი ბეირა).

ლიბანის ოფიციალური ხელისუფლების ინფორმაციით, გემის დაკავების შემდეგ, გემთმფლობელმა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და გემი, ეკიპაჟი და ტვირთი მიატოვა ბეირუთის ნავსადგურში. ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. მოგვიანებით, ტვირთი გადმოიტვირთა და დასაწყობდა ბეირუთის პორტში.

ამასთან, როგორც ყველასთვის ცნობილია, ამონიუმის ნიტრატი, წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტია და ყოველწლიურად აღნიშნული პროდუქტი გადის საერთაშორისო ბაზრებზე დიდი მოცულობებით, 2020 წელს მხოლოდ ფოთის ნავსადგურიდან ექსპორტზე გავიდა 52 037 ტონა.

აღნიშნულ ინციდენტთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, რამდენადაც ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი. გარდა ამისა, ხაზგასასმელია, ის გარემოებაც, რომ ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა 2020 წელს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ბეირუთში 4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას 100-მდე ადამიანი ემსხვერპა, დაშავებულია 4000-ზე მეტი მოქალაქე.