მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სინანული გულისხმობს გამოსწორებას, ადამიანის ცხოვრებისა და აზროვნების შეცვლას, სრულ გადატრიალებას“ - მეუფე შიო

პატრიარქის თანამოსაყრდე 2020

პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ საკვირაო ქადაგებაზე სინანულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის მუდმივი მობრუნება ღმერთისკენ. 

მეუფე შიოს თქმით, ადამიანს სინანული ცხოვრების ყველა ეტაპზე სჭირდება.

„ჩვენ წავიკითხეთ სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს ქადაგების პირველი სიტყვები. იგი ამბობს: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა სასუფეველი ცათა“.

ადამიანი თუ თავისი ცხოვრებით ამას გამოცდის, დაუკვირდება, მიხვდება, რომ აი, ამ ერთ წინადადებაში, ამ სიტყვებში მოკლედ არის ჩადებული მთელი სახარება, მაგრამ ხშირად არასწორად და ბოლომდე არ გვესმის, რა არის სინანული და გვგონია ხოლმე, რომ სინანული არის ჩვენი წუხილი ჩვენი წარსული ცოდვების გამო, როდესაც ჩვენ ვაღიარებთ ამ ცოდვებს, როდესაც ღმერთს ვევედრებით პატიებას.

ბევრს ჰგონია, რომ ეს არის სინანული. რა თქმა უნდა, ესეც სინანულის ნაწილია, მაგრამ, სახარებისეული გაგებით, ეს სრულყოფილი სინანული არ არის, ეს მხოლოდ ერთი ნაწილი, ერთი მხარეა სინანულისა.

მაშ, რა არის სინანული სახარებისეული გაგებით? ზოგიერთი წმინდა მამა ამბობს, რომ ეს არის მუდმივი მობრუნება ღმერთისკენ, მუდმივი მოქცევა, მთელი ცხოვრების განმავლობაში მოძრაობა ღმერთისკენ და არა მხოლოდ საკუთარი ცოდვების დაფიქსირება.

მსგავსად იმისა, როდესაც ექიმთან მიდის ადამიანი და დიაგნოზს იღებს. ეს არის ერთი მხარე, მაგრამ მკურნალობა თუ არ დაიწყო, ეს დიაგნოზი ამაოდ, უშედეგოდ რჩება. ასევეა აქაც, მკურნალობის დაწყება არის სინანული. სინანული გულისხმობს გამოსწორებას, ადამიანის ცხოვრებისა და აზროვნების შეცვლას, სრულ გადატრიალებას, შემობრუნებას ადამიანის ცხოვრებისა“, - აღნიშნა მეუფე შიომ.