მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტები დაურიგდებათ

დახმარება

თბილისის საკრებულო საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ შეძენილ ნობათს, სამაჟორიტარო ოლქებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს დაურიგებს. პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები პროდუქტი საკრებულოს პირადად თურქეთის ელჩმა ფატმა სერენ იაზგანიმმა და ადგილობრივი ბიზნეს ასოციაციების „გურთიარდის“ და „მუსიეთის“ წარმომადგენლებმა გადასცეს. 

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის თქმით, ნობათი დღეს 200 ოჯახს დაურიგდება. მან პროგრამაში ჩართულ კერძო სექტორს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ ინიციატივას კიდევ უფრო მეტი ორგანიზაცია შეუერთდება.

„თბილისის საკრებულო მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას აგრძელებს. სასურსათო პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები დღეს თურქეთის საელჩომ გადმოგვცა. აღნიშნულ დახმარებას, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს მიუტანენ. კამპანია მომავალშიც გაგრძელდება და დახმარებას მიიღებს ყველა ის ოჯახი, ვინც ამას საჭიროებს",- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბექა დავითულიანის თქმით კი, კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში, თბილისის მერია განსაკუთრებულ რისკ ჯგუფში მყოფი სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების პროდუქტებით უზრუნველყოფის პროგრამას ახორციელებს, თბილისის საკრებულომ კი, დედაქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიანი ოჯახებზე აიღო პასუხისმგებლობა.

„დღეს თურქეთის საელჩომ  საკმაოდ კარგი პაკეტი გადმოგვცა, რომელსაც ჩვენი დეპუტატები სოციალურად შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს (ოთხი და მეტი შვილი) დაურიგებენ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ პროგრამამ ყველა სოციალურად შეჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახი მოიცვას”,-აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

პროდუქტს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები, სპეციალურად გადამზადებული მოხალისეების დახმარებით, დაარიგებენ.