მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტექნიკური უნივერსიტეტი სამივე საფეხურის სტუდენტებს დღეიდან ონლაინ ლექციებს სთავაზობს

სტუდენტებისთვის ონლაინ ლექციები დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამივე საფეხურის სტუდენტებს დღეიდან ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე ახალ კომპონენტს - ონლაინ სალექციო ჩართვებს სთავაზობს. 

ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათვე ცნობით, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ონლაინ ლექციები ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე - elearning.gtu.ge-ზე ჩაუტარდებათ. ონლაინ ლეიქციები BBB და Zoom პლატფორმების მეშვეობით ხორციელდება. თითოეულ ონლაინ სალექციო სესიაზე მონაწილეობა, ანუ ერთდროულად ჩართვა 100-მდე სტუდენტს შეუძლია, ხოლო ერთდროულად შესაძლებელია 50-მდე პარალელური ონლაინ სესიის წარმართვა ასეთივე დასწრებით.

გარდა ამისა, ელექტრონულ პლატფორმაზე კვლავაც აიტვირთება სწავლების სამივე საფეხურის ყველა საგანმანათლებლო პროგრამის სალექციო კურსები და დავალებები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.gtu.ge და ფეისბუქის გვერდზე სტუდენტებისთვის განთავსებულია გზამკვლევი ვიდეორგოლების სახით, რომელთა მეშვეობით ელექტრონული პლატფორმით სარგებლობისა და ონლაინ ლექციებზე ჩართვის შესახებ ინსტრუქციების მიღებაა შესაძლებელი. ვიდეოინსტრუქციები, ასევე, ატვირთულია ელექტრონული სწავლებისა და youtube-ის საუნივერსიტეტო პლატფორმებზე.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე მიმდინარე წლის 16 მარტიდან გადავიდა. მოქმედებს საუნივერსიტეტო ელექტრონული პლატფორმა elearning.gtu.ge საუნივერსიტეტო ელექტრონულ პლატფორმაზე ინტეგრაციას ტექნიკური უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები შეფერხების გარეშე გადიან. ამჟამად, პლატფორმაზე რეგისტრაცია სტუდენტთა 80%-ზე მეტმა გაიარა.

საქართველოს მთავრობის 23 მარტის #181-ე დადგენილების თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში სასწავლო პროცესი, ნაცვლად 1 აპრილისა, 21 აპრილამდე გადაიდო.