მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თეთრი შური იცით რა არის?“ - ამირან გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიის საკითხზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020

„მე ვიცი, რა უდევს ამას საფუძვლად. ამას მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც მოსკოვი თბილისისგან ლუგარის ლაბორატორიაზე წვდომას ითხოვს.

ამირან გამყრელიძის თქმით, მან როგორც მედიის საშუალებით, ისე პირად საუბრებში რუსეთის წარმომადგენლებს არაერთხელ შესთავაზა ჩამოსულიყვნენ და ენახათ ლუგარის ლაბორატორია.

მისი განცხადებით, 2018 წლის ნოემბერში 19 ქვეყნის 23 წარმომადგენელი იმყოფებოდა საქართველოში და ლუგარის ცენტრის მუშაობა შეისწავლეს. მათთან ერთად მოწვეულები იყვნენ რუსეთის წარმომადგენლებით, თუმცა ისინი არ ჩამოვიდნენ.

„მე ვიცი ძალიან კარგად რა უდევს ამას საფუძვლად, ამას მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს და ის, თუ რატომ არის საქართველოს მთავარი პარტნიორი აშშ. დიახ, ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორია აშშ. მათი დახმარებით ქვეყანაში 22 ლაბორატორიაა შექმნილი. გადაამზადეს დიდი რაოდენობით ადამიანები და დღეს კორონას პანდემიის დროს გამოჩნდა, თუ რა დიდ როლს ასრულებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ლუგარის ლაბორატორია პანდემიასთან ბრძოლის საკითხებში. იცით, რა სიტუაციაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და იგივე იმ ქვეყანაში , რომელიც ახლა ჩვენ ლუგართან დაკავშირებით ბრალს გვდებს. რუსეთი მესამეა დღეს ამ დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. ნამყოფები არიან მათი (რუსეთის) ჟურნალისტები, გადაღებული აქვთ ყველა სართული, ლაბორატორია, თანამშრომელთან ინტერვიუ ჩაწერილი, არაფერი დამალული არ არის. ჩვენ ვართ ძალიან გამჭვირვალე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე, რატომ თვლის რუსეთი, რომ ლუგარის ლაბორატორია მათთვის საფრთხეს წარმოადგენს, ამირან გამყრელიძემ უპასუხა:

„საფრთხე არ არის, თეთრი შური იცით რა არის? - სანამ ამ ცენტრში ჩვენ შესაძლებლობები გვექნებოდა, ზოგიერთ ინფექციებზე კვლევის, რომელსაც ადრე დასადასტურებლად ვაგზავნიდით რუსეთში, დღეს ეს საჭირო არ არის, იმიტომ, რომ ყველაფერი აქ კეთდება“.