მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ გურული სამთავრობო სხდომებში მონაწილეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართულ სამთავრობო შეხვედრებში მისი მონაწილეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

როგორც ექიმი აღნიშნავს, მისი პოზიცია ჯანდაცვის სისტემისა და მთავრობის მოქმედებების კრიტიკის შესახებ ძალაში რჩება.

„ვინაიდან მედიასა და სოციალურ ქსელებში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება ჩემი მონაწილეობის შესახებ სამთავრობო სხდომებში, თავს ვალდებულად ვთვლი განვაცხადო შემდეგი:

1. არ შემიცვლია ჩემი კრიტიკული შეხედულებები საქართველოში ეპიდემიის მართვასთან დაკავშირებით და ყველა ჩემი წინანდელი განცხადება ძალაშია.

2. არ ვარ და არც ვიქნები ქვეყნის ტოტალური ჩაკეტვის, ე.წ. „ლოქდაუნის“ მომხრე და მიმაჩნია, რომ საქართველოს განუვითარებელ ეკონომიკას „ლოქდაუნი“ ისეთ გამოუსწორებელ დარტყმას მიაყენებს, მისგან გამოწვეული სიკვდილიანობა შორეულ პერსპექტივაში, აღმატებული იქნება ეპიდემიით გამოწვეულ სიკვდილიანობაზე.

3. საქართველოს მთავრობისაგან ოფიციალურად მიღებულ, ობიექტურ ინფორმაციაზე, ასევე ჩემთვის ცნობილ სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით; სოციალური ქსელებიდან და პირადი კონტაქტებით მიღებული მონაცემებით და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ჯანდაცვის ჰოსპიტალური სექტორი ამჟამად იმყოფება არსებული ტევადობის ამოწურვის ზღურბლზე; მიმაჩნია, რომ აუცილებელია შეზღუდვების დროებითი, მიზანმიმართული გამკაცრება, რათა დაავადების გავრცელების ტემპი შემცირდეს.

4. სამეცნიერო ლიტერატურასა და პანდემიის გავრცელების მათემატიკურ მოდელებზე დაყრდნობით, მიმაჩნია, რომ დაავადების გავრცელების უკონტროლოდ მიშვება, უახლოეს პერსპექტივაში საქართველოში გამოიწვევს ადამიანთა მსხვერპლის მკვეთრ ზრდას, რომლისგან გამოწვეული ეკონომიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური ეფექტები დამანგრეველი იქნება მთელი ქვეყნისათვის.

5. არავითარი მონაწილეობა არ მიმიღია შეზღუდვების სისტემის შემუშავებაში; მხოლოდ გავეცანი მზა ვერსიას. გადაწყვეტილების მიღება კონკრეტული დეტალების შესახებ იყო და არის ქვეყნის ხელმძღვანელობის პრეროგატივა.

6. მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის სფეროს მაქსიმალური, ეფექტური ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის გარეშე კრიზისული სიტუაცია გაგრძელდება ძალიან დიდხანს, რაც შესაბამის გავლენას მოახდენს როგორც საერთო სიკვდილიანობაზე, ასევე ეპიდემიით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობაზე.

7. როგორც ადამიანი, მოქალაქე და პროფესიონალი ექიმი მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ ეროვნულ პოლიტიკურ ძალასთან, იქნება ეს მთავრობა თუ ოპოზიცია, როდესაც საქმე ეხება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას“, - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

👉 საქართველოში კორონავირუსის 114 889 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულია 95 581 და გარდაცვლილია 1 085 ადამიანი.