მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფიჯთანაც დავმარცხდით და რვა ერში ბოლო ადგილი დავიკავეთ

1607178303
სპორტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ერთა თასზე, იგივე რვა ერზე ასპარეზობა დაასრულა. „ბორჯღალოსნები“ მეშვიდე ადგილისთვის მატჩში ფიჯის დაუპირისპირდნენ და სამწუხაროდ, დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს - 24:38. შედეგად, ლევან მაისაშვილის გუნდმა ტურნირზე ბოლო, მერვე ადგილი დაიკავა.

შეხვედრა ჩვენთვის ძალიან ცუდად დაიწყო და პირველივე წუთზე ნემანი ნადოლომ ლელო დაგვიდო. მოპოვებულმა უპირატესობამ ფიჯის განწყობა კიდევ უფრო აამაღლა და 5 წუთში მეორედ უწიეს ჩვენი ჩათვლის მოედანს. ამას თედო აბჟანდაძის ჯარიმა მოჰყვა, მაგრამ ტუისოვამ სულ მალე მესამე ლელო მიითვალა. ქართველი მორაგბეები თამაშში გიორგი მელიქიძის ლელომ დააბრუნა, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა და ტაიმიც ასე დაასრულა - 10:19.

თამაში ჯერ წაგებული არ იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ბევრი არაფერი შეცვლილა. ფიჯი ძალიან კარგად თამაშობდა, განსაკუთრებით ნემანი ნადოლოს შეჩერება გაჭირდა, რომელმაც სამჯერ დაგვალელოვა და ჰეთ-თრიქი შეასრულა.

63-ე წუთისთვის მატჩის ბედი გადაწყდა - ფიჯი უკვე 38:10-ს იგებდა და ცხადია, ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა საქართველოს ნაკრების შესაძლებლობებს აღემატებოდა.

ჩვენს სასახელოდ ის უნდა ითქვას, რომ ბოლოს „ბორჯღალოსნებმა“ იბრძოლეს და ანგარიშის სხვაობა შეამცირეს. ბექა საღინაძემ ორი ლელო დადო, რომელიც ორჯერვე აბჟანდაძემ გარდასახა და საბოლოოდ, 24:38.

საქართველოს ნაკრებმა რვა ერზე ოთხივე თამაში წააგო - ინგლისთან 0:40, უელსთან 0:18, ირლანდიასთან 10:23 და ფიჯისთან 24:38. „ბორჯღალოსნების“ ანგარიშზე ოთხი ლელოა (ბექა საღინაძე 2, თითო-თითო გიორგი კვესელაძე და გიორგი მელიქიძე), 2 ჯარიმა და 4 გარდასახვაა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა საშემოდგომო ეტაპი დაასრულა და რვა ერის მატჩებს მანამდე შოტლანდიასთან ტესტსაც თუ მივათვლით, ბოლო პერიოდში საკმაოდ სასარგებლო 5 თამაში ჩაატარა პირველი დონის გუნდებთან, რაც იმედია, მომავალში სასიკეთოდ წაადგება.