მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვილი სანიოლი: ძალიან ბედნიერი ვარ მამარდაშვილის პროგრესით, თუმცა ლორია პირველი ნომერია

ვილი სანიოლი
1630504013
სპორტი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიოს კოსოვოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ჩემთვის რთულია სატრანსფერო ფანჯრის შეფასება, დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ ითამაშებენ ის ფეხბურთელები, რომლებმაც გუნდები შეიცვალეს და საკმაოდ კარგ ჩემპიონატებში გადავიდნენ. ზოგადად კი, შეფასების გაკეთება ადრეა.

ძალიან ბედნიერი ვარ გიორგი მამარდაშვილის პროგრესით, ეს ძალიან კარგია მისთვის და ქართული ფეხბურთისთვის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯერ მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა და მას ყველაფერი წინ აქვს. მას მერე, რაც ნაკრებში ვარ, გიორგი ლორია პირველი ნომერია და ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ცვლილებები მოვახდინო. ასევე გვყავს ლაზარე კუპატაძე, რომელმაც რუმინეთთან ფანტასტიკურად ითამაშა და ძალიან კარგი მეკარეა, ისევე, როგორც გიორგი მაკარიძე, რომელიც ამჟამად ჩვენთან ერთად არ არის.

ყველა სპორტსმენისთვის ცუდია, რომ თამაში მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ჯერჯერობით მხოლოდ კოსოვოსთან მატჩზე ვფიქრობთ და ესპანეთთან თამაშზე მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ.

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა აწუხებს. თავიდან განაცხადში შევიყვანეთ იმ იმედით, რომ გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. „რუბინის“ განცხადებაზე ვერაფერს ვიტყვი, მათი საქმეა, რას დაწერენ - ფაქტია, რომ ის ტრავმირებულია. ჩვენთვის ის დიდი დანაკლისია, მაგრამ მის გარეშე უნდა გავიდეთ მოედანზე და მოვიგოთ. კოსოვოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, თითოეულ მეტოქეს პატივს ვცემთ და რთული შეხვედრა გველოდება, მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

გურამ კაშიას, დავით ხოჭოლავას და ოთარ კიტეიშვილს ბოლო პერიოდში დიდი დატვირთვები ჰქონდათ კლუბებში და ინდივიდუალურად ამიტომ ვარჯიშობდნენ, მაგრამ ისინი სათამაშოდ მზად არიან და დღეიდან გუნდთან ერთად მოემზადებიან. რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს, მისი გამოძახება აქამდეც მსურდა, მაგრამ სამხრეთ კორეაში არსებული კოვიდრეგულაციების გამო, ეს ვერ მოხერხდა. ის ყოველთვის იყო ჩემს მონახაზში.

რა თქმა უნდა, როცა 24-25 ფეხბურთელი გყავს მუდმივი სათამაშო პრაქტიკით, ეს ძალიან კარგი იქნებოდა. ამჟამად გვყავს უთამაშებელი ფეხბურთელები, მაგალითად გურამ გიორბელიძე, რომელიც დრეზდენის „დინამოში“ ახლახან გადავიდა და გიორგი აბურჯანია, რომელსაც ტრავმა ჰქონდა, მაგრამ მაინც გამოვიძახეთ, რადგან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელები არიან და ვფიქრობ დაგვეხმარებიან.

თუმცა, ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია სათამაშო პრაქტიკა და ამიტომაც არ არიან გუნდში მაგალითად, ვაკო გვილია და ნიკა კაჭარავა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელს კლუბში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს”, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებთა მატჩი 2 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება. გარდა ამისა, ვილი სანიოლის გუნდი 5 სექტემბერს, ბადახოსში, ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 8 სექტემბერს, სოფიაში, ბულგარეთთან ამხანაგურ თამაშს გამართავს. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 3 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 ქულა მოიპოვა (შვედეთთან 0:1, ესპანეთთან 1:2 და საბერძნეთთან 1:1).