მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვილი სანიოლი: საბერძნეთს რთული მატჩი ექნება ჩვენს წინააღმდეგ

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი
1617129601
სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ქალაქ სალონიკიში 30 მარტს ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა და მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ ტუმბა არენაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს:

ვილი სანიოლი: „ვფიქრობ, რომ ესპანეთისა და შვედეთის წინააღმდეგ კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა ქულების მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა კი, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა გავაგრძელოთ და იგივე დისციპლინით ვითამაშოთ, როგორც ეს გასულ მატჩებში გავაკეთეთ. ჩვენს თამაშში მე ძალიან ბევრი პოზიტიური ნიშანი დავინახე. ​ფიფას რეგულაციებიდან გამომდინარე საკვალიფიკაციო ეტაპი სამი მატჩით დავიწყეთ, საიდანაც ორი შეხვედრის გამართვა სტუმრად გვიწევს.

ხვალინდელ მატჩში საბერძნეთს დავუპირისპირდებით, რომელმაც ესპანეთთან პირველ ტურში გამართული შეხვედრით თავდაჯერება მოიპოვა. მსურს, მათ ეს შედეგი მივულოცო, რადგან ესპანეთის წინააღმდეგ ქულის აღება ადვილი არ არის. საბერძნეთის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გველის, მაგრამ ასეთივე რთული მატჩი ექნება ჩვენს მეტოქეს.“

ოთარ კიტეიშვილი: „საბერძნეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ორი თამაშის შემდეგ, სამწუხაროდ, ქულა ვერ მოვიპოვეთ, დასანანი მატჩები წავაგეთ. ამიტომ საბერძნეთის წინააღმდეგ ჩვენი მიზანი ქულების მოპოვებაა. ვთვლი, რომ ხვალ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ და იმედი მაქვს მიზანს მივაღწევთ.

რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, საკმაოდ კარგი გუნდია, მათ ესპანეთის წინააღმდეგ ერთი ქულის აღება შეძლეს, რაც შეუძლებელია შემთხვევითობა იყოს. საბერძნეთთან თანაბარ თამაშს ველოდები.“

საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 31 მარტს სალონიკის ტუმბა არენაზე თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. კოვიდ 19-ის რეგულაციების გამო საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა საბერძნეთის წინააღმდეგ:


მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით კობოური (დინამო, თბილისი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)