მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვილი სანიოლი: თამაში მეტად რომ გვეკონტროლებინა და უკეთესი გადაწყვეტილებები მიგვეღო, სამი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი
1617256378
სპორტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრა სტუმრად საბერძნეთის წინააღმდეგ გამართა და ფრედ 1:1 ითამაშა.

საბერძნეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა თამაშის დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა:

„დღეს, პირველი ორი შეხვედრისგან განსხვავებული თამაში გვქონდა. პირველი თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, დღეს კი, პირველ წუთებში არც თუ ისე კარგად ვმოქმედებდით. თუმცა ვიცოდით, რომ დაღლილობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მესამე შეხვედრა ყველაზე რთული იქნებოდა. საწყის 20 წუთში, ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გაგვიჭირდა, თუმცა შემდეგ მატჩის მსვლელობას ჩვენ უფრო ვაკონტროლებდით. ასევე ვთვლი, რომ კარგი მეორე ტაიმი ჩავატარეთ.

რაც შეეხება შედეგს, ასეთი გოლის შემდეგ თამაშში დაბრუნება ძალიან რთულია. თუმცა ბიჭებმა ხასიათი აჩვენეს და ანგარიში სწრაფად გავათანაბრეთ. ვფიქრობ, თამაში უფრო მეტად რომ გვეკონტროლებინა და გარკვეულ მომენტებში უკეთესი გადაწყვეტილებები მიგვეღო სამი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ დღეს მოპოვებული ერთი ქულა მოთამაშეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო ერთი კვირა ძალიან კარგად ვიმუშავეთ და საწყის ორ შეხვედრაში დიდ გუნდებს დავუპირისპირდით. ამასთან ერთად ვეთამაშეთ საბერძნეთს სტუმრად და აქ ქულის მოპოვება ადვილი არ არის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აღნიშნული კვირით კმაყოფილი ვარ. არ მომწონს, ქულების რაოდენობა, რადგან ვთვლი, რომ ცოტა უფრო მეტი უნდა გვქონდეს. მენტალობა, შრომა და დისციპლინა, რაც ფეხბურთელებისგან ვიხილე, ძალიან მომეწონა.

ივნისში ამხანაგურ შეხვედრებს ჩავატარებთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს სხვა ფეხბურთელებიც შევაფასო. იმიტომ, რომ როდესაც მოკლე პერიოდში ზედიზედ სამი შეხვედრის გამართვა გიწევს, უფრო სხვა ფაქტორებზე კონცენტრირდები. აღნიშნულ შეკრებაზე არამხოლოდ ფეხბურთელებს დავაკვირდებით, არამედ ვიმუშავებთ ჩვენს სათამაშო სტილზე. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მსურს ცოტათი უფრო მეტად ვაკონტროლებდეთ თამაშს და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ასევე ველოდები სექტემბერს, რათა საკვალიფიკაციო ეტაპი განახლდეს. ჩვენ შევეცდებით საქართველო საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ.“ - განაცხადა ვილი სანიოლმა.

იხილეთ აგრეთვე:

⚽ფანტასტიკური ხვიჩა კვარაცხელია და უიღბლო საქართველოს ნაკრები - რატომ ვერ მოვიგეთ?