მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ ავღანეთიდან შეიარაღებულ ძალებს 2021 წლის 11 სექტემბრამდე გაიყვანს

ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ უახლოეს მომავალში განაცხადებს. ამის შესახებ BBC იუწყება.

ჯარის გაყვანის პროცესი 2021 წლის 11 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. თარიღი სიმბოლურია, რადგანაც სწორედ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ აშშ-ის მაშინდელმა ადმინისტრაციას ავღანეთში შეიარაღებული ძალების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად ბაიდენი 20-წლიან ავღანურ კამპანიას დაასრულებს.

შეთანხმება ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ გასულ წელს მოძრაობა „თალიბანთან“ მოლაპარაკების შედეგად იყო მიღებული.

ინაუგურაციის შემდეგ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 1-ელ მაისამდე ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა პრობლემური იქნება. ეს თარიღი მოლაპარაკების დროს დასახელდა. გარდა ამისა, აშშ-მა და ნატომ რამდენჯერმე გააფრთხილეს თალიბები, რომ თუ ისინი ამერიკულ ძალებზე თავდასხმებს განაგრძობენ, შესაბამის პასუხს მიიღებენ.

აშშ-ის შეიარაღებული ძალები ავღანეთში 2001 წელს ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრზე და პენტაგონზე განხორციელებული ტერაქტების შემდეგ შეიყვანეს. მოგვიანებით ოპერაციას ნატო შეუერთდა. სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთში 1000-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურეც იმყოფება.