მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

conservatives global - რეფორმების წყალობით საქართველო უფრო ახლოსაა ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე

უცხოური მედია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სტატიას აქვეყნებს

„საქართველოს მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რეალობად აქციოს ჩვენი განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, ასევე გააფართოვოს და გააღრმავოს ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან და დასავლურ ალიანსთან და შეამციროს რეგიონში არსებული დაძაბულობა, რათა საქართველოს მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობა და უსაფრთხოება. ჩვენი მიღწევების ნუსხა მოიცავს საარჩევნო და ეკონომიკურ რეფორმებს“, - გამოცემა „conservatives global“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სტატიას აქვეყნებს.

როგორც ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, საქართველოში ეკონომიკურ რეფორმებს უმაღლეს შეფასებას აძლევს ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკი ქართული ოცნების ამჟამინდელ მთავრობას, როგორც „ლიდერ რეფორმატორს“ ისე მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ „ეკონომიკის მართვის სიღრმისეული რეფორმების შედეგად, დამკვიდრდა წესები და რეგულაციები, რომლებიც ამარტივებს ბიზნესის წარმოებას.

„მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ავტორიტეტული 150-გვერდიანი კვლევის ანგარიში, რომელშიც გაანალიზებულია 190 ქვეყნის ეკონომიკური მონაცემები და სტრატეგიები. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ 2020 წელს საქართველო მე-7 ადგილზეა მსოფლიოში საუკეთესო ბიზნესგარემოს კატეგორიაში და უსწრებს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 26-ს, ასევე გაერთიანებულ სამეფოს - ამას კი „პროგრესის შეფერხებას“ ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

კერძოდ, მსოფლიო ბანკი მაღალ შეფასებას აძლევს „ქართული ოცნების“ ამჟამინდელ მთავრობას, როგორც „ლიდერ რეფორმატორს“ და აღნიშნავს, რომ „ეკონომიკის მართვის სიღრმისეული რეფორმების შედეგად, დამკვიდრდა წესები და რეგულაციები, რომლებიც ამარტივებს ბიზნესის წარმოებას“.

გარდა ამისა, „მოსახლეობის ღარიბმა სეგმენტმა დიდი სარგებელი ნახა მთავრობის სოციალური სტრატეგიების განხორციელების და ახალი ეკონომიკური შეთავაზებების მიღების შედეგად“. მსოფლიო ბანკის ექსპერტების ამ დახასიათებით თუ ვიმსჯელებთ, ლაპარაკია ქვეყანაზე და მთავრობაზე, რომელმაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მსოფლიო ბანკის მიერ მოტანილ ფაქტებს ადასტურებენ სხვა ავტორიტეტული ექსპერტებიც.

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო მე-12 ადგილზეა მსოფლიოში და აქაც მნიშვნელოვნად უსწრებს ევროპის ქვეყნების უმრავლესობას. ინდექსში ვკითხულობთ: „ქართული ეკონომიკა განაგრძობს შთამბეჭდავ 7-წლიან წინსვლას რეიტინგებში“ და მრავალწლიან რეფორმებს, რომელთა მიზანიცაა კორუფციასთან ბრძოლა, რეგულაციების შემცირება და გადასახადების გამარტივება, რამაც შედეგად მოიტანა წინსვლა ეკონომიკური თავისუფლების ყველა ასპექტში“. ყველა მტკიცებულების ჩამოთვლით თავს არ მოგაწყენთ. ევროპის საბჭო, ევროკავშირის კომისია, Fraser Institute, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი - ეს გახლავთ მცირე ნაწილი წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტებისა, რომელთა ანგარიშები და განცხადებები ზურგს უმაგრებს მსოფლიო ბანკის მონაცემებს“, - აცხადებს კახაბერ კუჭავა.

ვიცე სპიკერი ამბიციურს უწოდებს საარჩევნო რეფორმას, რომლითაც მისი თქმით საქართველოში მკვიდრდება უფრო პლურალისტური, უფრო პროპორციული და უფრო წარმომადგენლობითი საარჩევნო სისტემა.

„მოდით, გვერდზე გადავდოთ ეკონომიკური მონაცემები. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმატება არა მხოლოდ მონეტარული მონაცემებით იზომება. ახლახან „ქართული ოცნების„ ხელისუფლებამ მიიღო საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ამბიციური საარჩევნო რეფორმა, რომლითაც საქართველოში მკვიდრდება უფრო პლურალისტური, უფრო პროპორციული და უფრო წარმომადგენლობითი საარჩევნო სისტემა. ეს რეფორმა გულისხმობს იმას, რომ საქართველოში იქნება იგივე პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც გამოიყენება ევროკავშირის დიდ ნაწილში (ევროპარლამენტის არჩევნების ჩათვლით).

ვაი-ექსპერტების მტკიცების საწინააღმდეგოდ, „ქართული ოცნების“ რეფორმების წყალობით, საქართველო უფრო ახლოსაა ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე. თუმცა, მხოლოდ ჩემს სიტყვას ნუ ვენდობით. ევროკავშირის პარლამენტის წევრების თანახმად, ეს რეფორმა წარმოადგენს „გარდამტეხ მომენტს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში... ვულოცავთ ამ რთული პოლიტიკური დიალოგის ყველა მონაწილეს“;

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის თანახმად, „ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა. ზუსტად ის, რასაც მხარს უჭერენ საერთაშორისო პარტნიორები“. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, „აშშ უმაღლეს შეფასებას აძლევს ამ ისტორიულ მოვლენას - საქართველოს მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლებითაც მკვიდრდება უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა“. რომ შევაჯამოთ, მსოფლიოს წამყვანი მთავრობები და ინსტიტუტები, ასევე ექსპერტები, გვაძლევენ ანგარიშგასაწევ მტკიცებულებას და აქვეყნებენ განცხადებებს, რომლებითაც კატეგორულად უარყოფენ 31 ოქტომბრის არჩევნების მოლოდინში გავრცელებულ უსაფუძვლო პრეტენზიებს“,- ამბობს ვიცე - სპიკერი.

როგორც კახაბერ კუჭავა აცხადებს, ქართული დემოკრატია, როგორც ამას საარჩევნო რეფორმის შემთხვევაში ევროპული და აშშ-ის მთავრობების მხრიდან მხარდაჭერა ადასტურებს, საკმაოდ ჯანსაღია.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ 100%-ით არის საქართველოს დასავლური გეზის ერთგული, მათ შორის ევროკავშირისა და ნატოს წევრობის მიმართულებით.

„31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. „ქართული ოცნება“, რომელმაც გაიმარჯვა 2016 წლის არჩევნებში, დარწმუნებულია ამ არჩევნებშიც გამარჯვებაში, რომელიც განპირობებულია ეკონომიკური რეფორმების, სოციალური სამართლიანობის და საქართველოს დასავლური ორიენტაციისადმი ჩვენი ერთგულების ისტორიით. ქართველებისთვის უცხო არ არის დეზინფორმაციის მწარე გამოცდილება - ეჭვგარეშე, მომავალი არჩევნებიც გახდება რუსეთის მხრიდან პროცესში ჩარევისკენ მიმართული კამპანიების სამიზნე ისევე, როგორც ეს სხვა არჩევნების შემთხვევაშიც არაერთხელ მომხდარა.

ამ კამპანიების მიზანია ფაქტების გაყალბება და რეალობის უკუღმად წარმოჩენა ინსინუაციების და ყალბი ნარატივების მეშვეობით. ქართველები შეჩვეულნი არიან მსგავს ტაქტიკებს მტრულად განწყობილი მხარეებისგან. ძალიან სამწუხაროა, რომ იმავე ნარატივებს აჟღერებენ ყოფილი ევროპელი პოლიტიკოსებიც. საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ექსპერტების მიერ მოტანილი ფაქტები თავად მეტყველებენ რეალობაზე: საქართველოს დასავლური მიმართულება სულ უფრო იკრებს ძალას, რასაც ზურგს უმაგრებს ძლიერი ეკონომიკა და გადახალისებული დემოკრატია,“ - აცხადებს ვიცე-სპიკერი „conservatives global“-თან.