მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლის გამო რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთს

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ექვსი რუსი ჩინოვნიკის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ასევე სანქციები დაწესდა იმ ინსტიტუტის მიმართ, სადაც მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ შეიქმნა. ამის შესახებ გამოცემა Meduza იუწყება.

სანქციები დაუწესდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს ალექსანდრე ბორტნიკოვს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშინაო პოლიტიკის სამმართველოს უფროსს ანდრეი იარინს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს სერგეი კირიენკოს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს ალექსეი კრივორუჩკოს და პაველ პოპოვს, ასევე ციმბირის ოლქში პრეზიდენტის წარმომადგენელს სერგეი მენიაილოს.

სანქციები ევროკავშირში შესვლის აკრძალვას და ფინანსური აქტივების დაყადაღებას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი რუსეთში 20 აგვისტოს მოწამლეს, როდესაც ის ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა. შემდეგ ის სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ოპოზიციონერი მომწამლავი ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ეს ნივთიერება ქიმიური იარაღის ჯგუფს ეკუთვნის.

მოგვიანებით ნავალნის მოწამვლის ფაქტი ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციამაც დაადასტურა.

რუსეთის საგარეოს საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკვე განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ მოსკოვი ბრიუსელს კონტრსანქციებს დაუწესებს.