მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

არჩევნები მოლდოვაში

მოლდოვაში 1-ელ ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი - „სოლიდარობის და მოქმედების პარტიის“ წარმომადგენელი მაია სანდუ ლიდერობს. მან ამომრჩეველთა ხმების 36,12% მიიღო. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა 32,61% მიიღო. ამის შესახებ BBC იუწყება.

შესაბამისად, ვერცერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოაგროვა და ქვეყანაში 15 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 8 კანდიდატი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 42,7% შეადგინა, ანუ ხმა მისცა 1,2 მილიონმა ამომრჩეველმა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მოლდოვას არჩევნების ისტორიაში. დაბალი აქტივობის მიზეზებს შორის არის კორონავირუსის პანდემია.

48 წლის სანდუ განათლებით ეკონომისტია, ის ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა. იყო მოლდოვას განათლების მინისტრი, ხოლო 2019 წლის ივნისიდან ნოემბრამდე მოლდოვას პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.

45 წლის იგორ დოდონი, ასევე, ეკონომისტია, ის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერია. ასევე, არჩეული იყო მოლდოვას პარლამენტში კომუნისტური პარტიიდან.

მოლდოვას კონსტიტუციის მიხედვით, ძალაუფლება ქვეყანაში პარლამენტს და მთავრობას ეკუთვნის. ამასთანავე, პრეზიდენტის არჩევა საერთო კენჭისყრით ხდება და მას საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს მინიჭებული.

მოლდოვა, რომლის მოსახლეობა 3,5 მილიონს შეადგენს, ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა. მოლდოვაში წლებია პოლიტიკური დაპირისპირება მიმდინარეობს პრორუსულ და პროდასავლურ ძალებს შორის.