მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბერძნეთი და თურქეთი ხმელთაშუა ზღვის საკითხზე მოლაპარაკებას იწყებენ

თურქეთ-საბერძნეთის მოლაპარაკება

საბერძნეთი და თურქეთი ხმელთაშუა ზღვის  საკითხზე სტამბოლში მოლაპარაკებას იწყებენ. მოლაპარაკებაზე ორ ქვეყანას შორის საზღვაო საზღვრის საკითხები იქნება განხილული. ამის შესახებ Aljazeera იუწყება. 

გასულ კვირას, საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დასავლეთი საზღვრები იონიის ზღვაში 12 მილით გაზარდა. ეს მაქსიმუმია, რის უფლებასაც საბერძნეთს გაეროს შესაბამისი კონვენციები აძლევს.

„დასავლეთის მიმართულებით საზღვრის გაზრდა აღმოსავლეთით სიგნალს აგზავნის. ჩვენ მზად ვართ თურქეთთან ყველა სადავო საკითხი მოლაპარაკების გზით გადავწყვიტოთ. მისმა ლიდერებმა მონოლოგის რეჟიმზე უარი უნდა თქვან და მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ“ - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

თურქეთი და საბერძნეთი აგვისტოში სამხედრო კონფლიქტთან ძალზე ახლოს იყვნენ, როდესაც ანკარამ ხომალდი Oruc Reis სამხედრო ფლოტის თანხლებით ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გააგზავნა, სადაც მას გაზის და ნავთობის მარაგის დაზვერვა უნდა განეხორციელებინა. საბერძნეთი ამ ტერიტორიას საკუთარ კონტინენტურ შელფს უწოდებს. თურქეთი ამას არ ეთანხმება.

მოლაპარაკება, რომელიც დღეს იწყება, ჯერჯერობით არაფორმალური ხასიათისაა და მას იურიდიული ძალა არ გააჩნია, თუმცა მისი შედეგი შეიძლება ოფიციალური მოლაპარაკების დაწყება გახდეს.

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ათენს და ანკარას მოლაპარაკების წარმოება განსხვავებული დღის წესრიგით სურს. კერძოდ, თურქეთი ეგეოსის ზღვაში მდებარე ბერძნული კუნძულების დემილიტარიზაციას მოითხოვს, საბერძნეთი კი ამ კუნძულებზე მისი სუვერენული უფლებების საკითხის განხილვას არ აპირებს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ მოლაპარაკება ჩიხში შევიდა, ხმელთაშუა ზღვაში შეიძლება საკმაოდ ფეთქებადსაშიში სიტუაცია შეიქმნას. როგორც ცნობილია, ორ ქვეყანას შორის დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობებია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე NATO-ს წევრია. ერთ-ერთია კვიპროსის საკითხი, რომლის ნაწილიც, ათენის განცხადებით, თურქეთს აქვს ოკუპირებული.

ასევე ნახეთ:

თურქეთის მთავრობამ თავდაცვის ძალებს გრანტის სახით ტექნიკური ხელსაწყოები გადასცა

თურქეთში ჩინური ვაქცინა მილიონზე მეტ ადამიანს გაუკეთეს