ანალიტიკა

ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ვიდრე „ოცნება“ შარლ მიშელის შეთანხმებას არ დაუბრუნდება - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტოლოგი
1651843100
დაკოპირებულია

„ჩემი აზრით, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება შარლ მიშელის შეთანხმებას,“ - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში, კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა ევროკავშირის გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხზე საუბრისას განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მისი მოსაზრებაა და არა ვინმესგან მოწოდებული კონკრეტული ინფორმაცია. 

ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ დაჩქარებული წესით პროცედურის განხორციელება არ მიმდინარეობს, რაც მისივე თქმით, ტრაგედია არ არის, თუმცა, თვალშისაცემია. 

„მართლაც მნიშვნელოვანი პერიოდი დაგვიდგა, ამ ნაბიჯის გადადგმას „ქართული ოცნება“ 2024 წელს არჩევნების წინ აპირებდა ანუ სულ ცოტა 2 წელს ვიგებთ. სამწუხაროდ, ტრაგიკულმა მოვლენებმა უკრაინაში დააჩქარა საქართველოს ხელისუფლების მოტივაცია, რათა უფრო ადრე დაეწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღება.

გაწევრიანებაზე საუბარი არ არის, როგორმე უნდა ვეცადოთ საზოგადოებამ გაიგოს, რომ საკმაოდ შორს არის ევროკავშირში გაწევრიანება. საუბარია კანდიდატობის სტატუსის მიღებაზე, რომელიც შეიძლება ძალიან მალე გადაწყდეს მინიმუმ 1 წლის ფარგლებში, მაგრამ შეიძლება 3 წელი დასჭირდეს, რომ კანდიდატად ჩავითვალოთ. 

აშკარა და გასაგებია, რომ ევროკავშირი უკრაინის მიმართ უფრო მონდომებულია და ალბათ ამ პროცედურას დაჩქარებული წესით განახორციელებენ. ჯერჯერობით ვერ ვხედავ საქართველოს მიმართ დაჩქარებული წესით პროცედურის განხორციელებას. ეს დიდი ტრაგედია არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, აშკარად თვალშისაცემია“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რა აფერხებს ამ საკითხს, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ბევრი ფაქტორი და მათ შორის საქართველოს საერთო კონტექსტიდან ამოვარდნა. 

„დიახ, გუშინ მოლდოვაზე იყო განსაკუთრებული ყურადღება, სპეციალური რეზოლუცია მიუძღვნა ევროკავშირმა, რომ მოლდოვას მიმართაც ყოფილიყო სწრაფი ნაბიჯები გადადგმული და საქართველოზე ლაპარაკი არ არის. აფერხებს სწორედ უამრავი რაღაც. ის, რომ საქართველო საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია, საქართველო ევროკავშირის კრიტიკის მიმართ არის კრიტიკული, როცა ევროკავშირის კრიტიკა სამართლიანია. 

ევროკავშირი იშვიათად მიმართავს კრიტიკას თავისი მეგობრების მიმართ, მაგრამ თუ მიმართავს, ეს არის საფუძვლიანი. ყველა ცალსახად ამბობს, რომ შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გამოსვლა დამანგრეველი იყო საქართველოსათვის. ეს იყო პირდაპირი შეურაცხყოფა შარლ მიშელის და ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ.  ჩემი აზრით ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ დაუბრუნდება შარლ მიშელის შეთანხმებას“, - დასძინა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისს გადასცემს