მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: საქართველოში რამდენიმე კვირაში კოვიდვაქცინების დამატებითი დოზები შემოვა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
1626507211
COVID-19

განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, იმატა ინფიცირების შემთხვევებმა ბავშვებში, მე, როგორც მშობელმა, მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას შესთავაზოს ფართო ვაქცინაცია, რომელიც უკვე დაიწყო.

„ბოლო დღეების განმავლობაში თქვენ უყურებთ, რომ გვაქვს ინფიცირების შემთხვევების მატება და მე მინდა, კიდევ ერთხელ ავუხსნა ჩვენს ხალხს. მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ვაქცინაცია. მანამდე იყო პრობლემა, რომ ვაქცინები საკმარისი რაოდენობის არ იყო ქვეყანაში, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩამოგვეტანა საკმარისი რაოდენობის ვაქცინები.

მილიონი ვაქცინა არის ადგილზე, 1 მლნ. „ფაიზერის“ მოწოდება უკვე დაიწყო, ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას ჩვენ შემოგვივა „ფაიზერის“ ვაქცინებიც, მილიონი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, რომელიც არის ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინა და არის ავტორიზებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

„ფაიზერზე“ მოგეხსენებათ, რომ მილიონის შემოტანა არის დაგეგმილი და ნახევარი მილიონის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც უახლოეს რამდენიმე კვირაში მივიღებთ და კიდევ ერთი მილიონი „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ ჩამოვა საქართველოში.

მე მინდა, რომ ჩვენს ხალხს მივმართო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, იმატა ინფიცირების შემთხვევებმა ბავშვებში. როგორც მშობელმა, მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა პირველ რიგში. მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას შესთავაზოს ფართო ვაქცინაცია, რომელიც უკვე დავიწყეთ“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ახლა მთავრობას სჭირდება თანადგომა, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, შემოიტანა ვაქცინები და ამჟამად საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, ამ ფართო ვაქცინაციის წარმატებით მართვა და დასრულება.

„გუშინ იყო რეკორდული რაოდენობა - 10 000 აცრა ჩავატარეთ, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ უნდა ავიდეთ 20-30 ათასზე. მინიმუმ, რომ თვეში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ჩვენი მოქალაქე ავცრათ. გარდა ამისა, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს, მე არ მინდა, რომ გავიმეორო სიტყვა “შეზღუდვების დაწესება" ხელახლა, რაც არის ძალიან შემაწუხებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბიზნესისთვის და ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს.

ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, კერძო სექტორმაც და თითოეულმა მოქალაქემ, რომ მთავრობას სჭირდება ახლა თანადგომა. მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, შემოიტანა ვაქცინები, ახლა ჩვენ გვჭირდება, ერთობლივი ძალისხმევით, ამ ფართო ვაქცინაციის წარმატებით მართვა და დასრულება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 361 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 363 318-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 538 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 386 195-ს.