მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ტოცილიზუმაბის“ პირველი დამატებითი პარტია 16 აგვისტოს შემოვა“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერვცაძე Pia.ge
1629050460
COVID-19

ბოლო დღეებში „ტოცილიზუმაბზე“ მკვეთრად და ერთბაშად გაზრდილი მოთხოვნის მიზეზით ამ მედიკამენტის ქვეყანაში არსებული რაოდენობა პრაქტიკულად ამოიწურა და შეიქმნა დროებითი დეფიციტი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ხვალ, 16 აგვისტოს ჯანდაცვის სამინისტრო და მომწოდებელი შემოიტანენ „ტოცილიზუმაბის“ დამატებით რაოდენობას და უახლოესი დღეების მანძილზე იგი ხელმისაწვდომი იქნება. ამასთან სამინისტრო და მომწოდებელი იღებენ ქმედით ზომებს, რათა ქვეყანაში შესაძლო მოკლე დროში შემოტანილ იქნეს ტოცილიზუმაბის ისეთი რაოდენობა, რომელიც დააკმაყოფილებს მკვეთრად გაზრდილ მოთხოვნას ამ მედიკამენტზე, მაგრამ ეს არ იქნება იოლი, ვინაიდან მედიკამენტი დეფიციტურია მსოფლიო ბაზარზე.

შექმნილი სიტუაცია განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: ჩვენ „ტოცილიზუმაბს“ წარმატებით ვიყენებთ უკვე ერთ წელზე მეტია, პანდემიის დასაწყისიდანვე. მაშინ როდესაც არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც კი ძალიან ცოტა ვინმეს სჯეროდა მისი ეფექტიანობის და არაერთი მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID-პაციენტი გვყავს გადარჩენილი.

„ტოცილიზუმაბი“ ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისიდან შეტანილია COVID 19-ის კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში და მის ფართოდ დანერგვას კლინიკურ ჯგუფთან და COVID-კლინიკებთან არაერთი შეხვედრა და არაერთი პოსტი მივუძღვენით.

ჯანდაცვის სამინისტრო თავის მხრივ ნაციონალურ პროტოკოლში შეტანის პირველივე დღიდან (2020 წლის ივნისიდან) ანაზღაურებდა ტოცილიზუმაბის ღირებულებას (მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ძვირია), და არავითარი პრობლემა ამ მხრივ არ ყოფილა. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ტოცილიზუმაბი იმდენად ძვირი მედიკამენტია, რომ ასეთი ფუფუნების უფლებას თავის თავს საქართველოზე ეკონომიკურად გაცილებით ძლიერი ქვეყნებიც კი ყოველთვის ვერ აძლევენ.

ამასთან ტოცილიზუმაბი ძალიან ძლიერმოქმედი პრეპარატია, აქვს მკაფიო ჩვენებები და უკუჩვენებები და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე COVID-კლინიკებში.

სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები, სწორედ ისინი, რომლებიც ახლა ალაპარაკდნენ მედიკამენტის დეფიციტზე, მთელი წელი გვაბულინგებდნენ და ბრალს გვდებდნენ იმაში, რომ ადამიანებზე ექსპერიმენტებს ვატარებდით და მოუწოდებდნენ კლინიკებს, არ გამოეყენებინათ ტოცილიზუმაბი. ამის გამო ბოლო დრომდე ტოცილიზუმაბს ჩვენს გარდა მხოლოდ 7-8 კლინიკა იყენებდა და ქვეყანაში არსებული მარაგი საკმარისზე მეტი იყო იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც ბოლო დღეებამდე „ტოცილიზუმაბზე“ არსებობდა.

იმდენად ძლიერი იყო ტოცილიზუმაბის გამოყენების მოწინააღმდეგეების გავლენა, რომ მას შემდეგაც კი, რაც ინგლისელების დიდი კვლევებით დადასტურდა, რომ ჩვენ მართალი ვიყავით და ტოცილიზუმაბი დროული და სწორი გამოყენების შემთხვევაში 24%-ით ამცირებს მძიმე და კრიტიკულად მძიმე COVID-19 პაციენტების სიკვდილიანობას.

კლინიკები არ ჩქარობდნენ ტოცილიზუმაბის გამოყენებას და მხოლოდ ბოლო დროს, მას შემდეგ, რაც შევძელით ყველა დაგვერწმუნებინა ტოცილიზუმაბის ეფექტიანობაზე, მასზე მოთხოვნა ერთბაშად, ძალიან მოკლე დროში მკვეთრად გაიზარდა, რამაც ბუნებრივია მედიკამენტის დროებითი დეფიციტი შექმნა.

სამინისტრომ მაშინვე გადადგა ნაბიჯები, რომ ასევე მკვეთრად გაზრდილიყო ტოცილიზუმაბის მოწოდებაც, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მედიკამენტი დეფიციტურია მთელ მსოფლიოში და ძალიან მოკლე დროში მისი მოწოდების მკვეთრად გაზრდა იოლი არ იქნება. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მედიკამენტის პირველი დამატებითი პარტია უკვე ორშაბათს ა.წ. 16 აგვისტოს შემოვა.

კოვიდი უდიდესი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვისაც. ჯანდაცვის სამინისტროს, კლინიკურ ჯგუფს და COVID-კლინიკების მედპერსონალს საქმიანობა ისედაც უწევთ ექსტრემალურ პირობებში და ამ დროს პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების თუ ამბიცია დაუკმაყოფილებელი ექსპერტების მხრიდან ხელის შეშლა დაუშვებელია“,- წერს თენგიზ ცერცვაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉„უბედურ დღეში ვართ, რა ექეიფება და რა ეტაშფანდურება ამ ხალხს“

👉 „ვირუსის ძლიერი აფეთქება მოდის, პიკამდე არ მივსულვართ“

👉 „სიკვდილიანობის მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა თავის რეგიონში“