ეკონომიკა

საქართველოში საწვავის ფასის კიდევ ზრდას პროგნოზირებენ - რა ხდება მეზობელ ქვეყნებში?

საწვავის ფასი
1613996517
დაკოპირებულია

2021 წლის დასაწყისიდან საქართველოში საწვავი დაახლოებით 15 თეთრით გაძვირდა და მომდევნო ორ კვირაში ფასი კიდევ მინიმუმ 10 თეთრით მოიმატებს. ასეთია საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პროგნოზი. 

ასოციაციის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ასეთი ვითარება საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდით არის განპირობებული. მისი თქმით, წელს გაჩნდა მოლოდინები, რომ მსოფლიო ეკონომიკა აღდგენას დაიწყებს, რაც ვაქცინაციის პროცესსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას უკავშირდება.

„მძიმე 2020 წლის მიუხედავად, საწვავის ფასების ზრდა ზაფხულში დაიწყო. ეს მას შემდეგ, რაც მოიხსნა მკაცრი შეზღუდვები. ამ დროიდან იწყება ფასების ეტაპობრივი მატება, თუმცა, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა მიმდინარე წლიდან, რადგან ბაზარზე რეალურად გამოჩნდა ვაქცინა, რასაც მოჰყვა პოზიტიური მოლოდინები: ის, რომ მსოფლიო ეკონომიკა ალბათ გაიხსნება და ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა გაიზრდება.

ბენზინის შემთხვევაში წლის დასაწყისიდან დღემდე საერთაშორისო ფასი გაზრდილია 120 დოლარით, დიზელის შემთხვევაში კი 90 დოლარით.

საქართველოში საცალო ქსელშიც ხდება ფასების კორექტირება, ფასი საშუალოდ გაზრდილია 15 თეთრით და არაბრენდირებულ ქსელში კიდევ უფრო მეტად არის გაძვირება.

რაც შეეხება მოლოდინებს, ნამდვილად არ არის ოპტიმისტური. ფასების ზრდა გარდაუვალია, მათ შორის საბითუმო ბაზარზეც ფასები მნიშვნელოვნად არის მომატებული. ამიტომ როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ საწვავზე საცალო ქსელებს უახლოეს მომავალში ფასების მომატება მოუწევთ“, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

PIA.GE გთავაზობთ ამ დროისთვის არსებულ საწვავის ფასებს საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში:

საქართველოში: 1 ლ ევრო რეგულარის ფასი 2.37 - 2.41 ლარს შორს მერყეობს, პრემიუმის - 2.55 - 2.62 ლარი , ხოლო დიზელის - 2.5 - 2.62 ლარია.

სომხეთში: 1 ლ ევრო რეგულარი საშუალოდ 2.583 ლარი, პრემიუმი - 2.841 ლარი, ხოლო დიზელი 2.41 ლარი ღირს.

აზერბაიჯანში: 1 ლ ევრო რეგულარი 1.95 ლარი, პრემიუმი - 2.43 ლარი, ხოლო დიზელი 1.55 ლარი ღირს.

თურქეთში: 1 ლ ევრო რეგულარი საშუალოდ 3.688 ლარი, პრემიუმი - 3.988 ლარი, ხოლო დიზელი - 3.364 ლარი ღირს.

რუსეთში: 1 ლ ევრო რეგულარი საშუალოდ 2.057 ლარი, პრემიუმი - 2.328ლარი, ხოლო დიზელი 2.042 ლარი ღირს.

შეგახსენებთ, რომ საწვავის ფასის ზრდას საქართველოში მძღოლები პერიოდულად, თუმცა უშედეგოდ, აპროტესტებენ. ფასის შემცირების მოთხოვნით უკანასკნელი აქცია 21 თებერვალს გაიმართა. მძღოლებმა, სიგნალების ფონზე, საპროტესტო მსვლელობა თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და სხვა ქალაქებში ერთდროულად მოაწყეს.

ინფორმაციისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2020 წელს, ქვეყანაში საერთო ჯამში იმპორტირებული საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ოდენობამ შეადგინა 1 356 139 ათასი ლიტრი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.5% -ით ნაკლებია .

საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან - 31.8%, რომელსაც მოჰყვება რუმინეთი -20% და ბულგარეთი -17.3 %.

საერთო იმპორტის 46% დიზელის ტიპის საწვავმა შეადგინა, ხოლო 54% ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი, რომლის პროცენტულმა წილმა ბენზინის სახეობებში შეადგინა - 69%, ხოლო საერთო იმპორტში - 37%.