მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს

ჯოკოვიჩი ავსტრალიაში არ შეუშვეს

ავსტრალიის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ სერბ ჩოგბურთელს ნოვაკ ჯოკოვიჩს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ BBC იუწყება. 

ჯოკოვიჩი ავსტრალიაში ქვეყნის ღია პირველობაში მონაწილეობისთვის ჩავიდა. ახლა მისი ვიზა გაუქმებულია, ხოლო ჩოგბურთელს ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრება.

მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორიას შტატმა, სადაც ქალაქი მელბურნი მდებარეობს, ჯოკოვიჩს ტურნირში მონაწილეობის უფლება მისცა, ავსტრალიის ხელისუფლებამ ჩოგბურთელი ქვეყანაში არ შეუშვა, ვინაიდან მისი ვაქცინაციის სტატუსის არარსებობის დროს მას სპეციალური ვიზა სჭირდებოდა. ჯოკოვიჩის მენეჯერებს კი ეს ვიზა არ მოუთხოვიათ.

ავსტრალიაში ჩასვლის შემდეგ ჯოკოვიჩი რამდენიმე საათი აეროპორტში იმყოფებოდა, ვიდრე მესაზღვრეებმა არ უთხრეს, რომ მისი ვიზა დადგენილ წესებს არ შეესაბამება და ის დეპორტირებული იქნება.

მოგვიანებით ჯოკოვიჩი სპეციალურ სასტუმროში მიიყვანეს, სადაც  ადამიანები დეპორტაციის წინ იმყოფებიან. 

ჯოკოვიჩი თავისი ვაქცინაციის სტატუსის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა გასულ წელს მან განაცხადა, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგია. ჟურნალისტებმა მას ზედმეტსახელიც კი მოუგონეს - Novax.

ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ ჯოკოვიჩი მედიკოსებმა ვაქცინაციისგან გაათავისუფლეს და ეს გადაწყვეტილება ორმა დამოუკიდებელმა კომისიამ მიიღო.

ამ ფაქტს წინ უძღოდა ავსტრალიის საზოგადოებაში კამათი იმასთან დაკავშირებით თუ რატომ აძლევენ ჯოკოვიჩს ტურნირში მონაწილეობის უფლებას ვაქცინაციის სტატუსის წარმოდგენის გარეშე.

ჯოკოვიჩის ადვოკატები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.