მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რეკორდული გაუფასურება - 1 აშშ დოლარის ღირებულება 14 ლირა გახდა

თურქული ლირა

თურქეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისთვის 14 ლირას შეადგენს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. 

გამოცემის თანახმად, ლირა მიმდინარე წელს ჯამში 45%-ით, ხოლო ნოემბერში 28,3%-ით გაუფასურდა, რაც ძირს უთხრის თურქების შემოსავლებსა და დანაზოგებს, ზრდის ოჯახების დანახარჯებს და პრობლემას ქმნის იმპორტირებული მედიკამენტების შეძენაზე.

ლირის გაუფასურება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების ფონზე მოხდა, რომელმაც ორ კვირაზე ნაკლებ დროში მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას უკვე მეხუთედ დაუჭირა მხარი, რასაც ეკონომისტების ნაწილი არ ეთანხმება.

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება არჩეული კურსიდან გადახედვას არ გეგმავს.

„ჩვენ დავინახავთ, რომ საპროცენტო განაკვეთები შესამჩნევად დაეცემა და შესაბამისად, გაცვლითი კურსი არჩევნების წინ გაუმჯობესდება“, - განაცხადა ერდოღანმა. 

ერდოღანის გადაწყვეტილებების გამო, ცენტრალურმა ბანკმა სექტემბრის შემდეგ საპროცენტო განაკვეთი 400 საბაზისო პუნქტით 15%-მდე შეამცირა და მოსალოდნელია, რომ დეკემბერში კვლავ შეამცირებს.  ამ დროისთვის თურქეთში ინფლაცია 20%-ს უახლოვდება.

ინფორმაციისთვის, თურქეთში 2023 წელს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ერდოღანის გამარჯვების შანსები მცირეა.