მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ აისახება ერდოღანის გამარჯვება თურქეთ-დასავლეთის ურთიერთობებზე? - BBC

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა. ის თურქეთის პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს. ქვეყნის ისტორიაში პირველად არჩევნების მეორე ტური გაიმართა. როგორ იმოქმედებს ერდოღანის გამარჯვება ანკარასა და დასავლეთს შორის ურთიერთობებზე? ამის შესახებ BBC სტატიას აქვეყნებს.

„თურქებმა გადაწყვიტეს, რომ ძლიერი ლიდერი კარგ ლიდერს ურჩევნიათ. ის თანამედროვე სულთანია, რომელიც არაფრის წინაშე უკან არ იხევს“, - ამბობს BBC-ის მიმომხილველი ორლა გერინი.

„ის არის ლიდერი, რომელმაც მთელ მსოფლიოს გამოწვევა გაუგზავნა და ყველას მაგალითი აჩვენა. ეს ღვთის ნებაა, რომ ისევ ჩვენი პრეზიდენტია და მართავს ამ ქვეყანას“, - ამბობს 50 წლის ჰატიჯე დურანი.

საპრეზიდენტო კამპანიის დროს დასავლეთის უმეტეს ქვეყანაში ლიდერები დუმილს ინარჩუნებდნენ, მაგრამ ჩუმად მაინც იმედოვნებდნენ, რომ ერდოღანის 20-წლიანი მმართველობა დასრულდება. ახლა კი ერდოღანის გამარჯვებამ დასავლეთის ქვეყნების რთულ მდგომარეობაში ჩააგდო.

მნიშვნელოვანი მოკაშირე

თურქეთის გლობალურ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, რომელიც მკვეთრად გაიზარდა უკრაინის ომის ფონზე, შეიძლება ვიმსჯელოთ მსოფლიო ლიდერების რაოდენობის მიხედვით, რომლებმაც ერდოღანს მისალოცად დაურეკეს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც, როგორც ყოველთვის, შედეგების ოფიციალურ გამოცხადებას არ დაელოდა. მისი თქმით, ერდოღანის გამარჯვების მიზეზი მისი „დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკაა“.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თურქეთის პოლიტიკა, რომელიც რუსეთს განსაკუთრებით მოსწონს, არის ერდოღანის პოზიცია, რომელიც კრემლს არ აკრიტიკებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ნატოს მოკავშირეებმა დააწესეს სანქციები და რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება შეამცირეს.

ერდოღანს გამარჯვება მაშინვე მიულოცეს ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმაც. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ მოსწონთ ანკარას მოსკოვთან დაახლოება და ქვეყანაში დემოკრატიულ თავისუფლებებზე თავდასხმა, დასავლეთის ქვეყნებისთვის თურქეთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა, თუმცა მასთან ურთიერთობა რთულია და ყოველთვის მისი პროგნოზირება შეუძლებელია.

თურქეთი ნატოს სამხედრო ალიანსის საკვანძო წევრია და მის ყველა მისიაში მონაწილეობს.

ერდოღანი მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს რუსეთთან, მაგრამ, ასევე, სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას.

მისმა შუამავლობამ ხელი შეუწყო მარცვლეულის შეთანხმების გაფორმებას ომში მყოფ ქვეყნებს შორის და ამან გლობალური სასურსათო კრიზისი გარკვეულწილად შეამსუბუქა.

მან ნატოში ფინეთის შესვლა არ გააპროტესტა და, როგორც ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, საბოლოოდ შვედეთის შესვლასაც დათანხმდება.

თურქეთი არის საკვანძო ქვეყანა ევროპაში მიგრაციის პრობლემის გადასაჭრელად: 2015 წლის მიგრაციული კრიზისის შემდეგ, დიდი თანხის და გარკვეული სავიზო შეღავათების სანაცვლოდ, ერდოღანმა ყველა ღონე იხმარა, რომ თურქეთის გავლით მიგრანტების ნაკადმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაპირებამდე არ მიაღწიოს.

როგორც Guardian-ის დიპლომატიური კორესპონდენტი პატრიკ ვინტური აღნიშნავს, დასავლეთი შიშობს, რომ ერდოღანი თურქეთს კიდევ უფრო დააშორებს ლიბერალურ და სეკულარულ დასავლურ ღირებულებებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ ვინაიდან ერდოღანს კიდევ ერთხელ არჩევის უფლება აღარ აქვს, ამიტომ ნაციონალისტური ამომრჩევლის აზრის იგნორირების გარეშე, მას მაინც შეუძლია მოისმინოს სხვა მოსაზრებები და თავისი საგარეო პოლიტიკა თვითგადარჩენის გარდა სხვა რამეზე დააფუძნოს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევანს, რომელსაც ერდოღანი გააკეთებს, მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ თურქეთისთვის, არამედ ნატოსთვის და ნებისმიერი მსოფლიო წესრიგისთვის, რომელიც წარმოიქმნება უკრაინის ომის დასრულების შემდეგ“, - წერს ვინტური.

დასავლელი დიპლომატები და ანალიტიკოსები ერდოღანისა და პუტინის შემდგომ დაახლოებას შიშობენ და ნაკლებად ოპტიმისტურად არიან განწყობილები.

რისი შეთავაზება შეუძლია დასავლეთს

დასავლელი ლიდერები, როგორც ჩანს, ანკარასთან გარკვეულ დათმობებზე მზად არიან. თუმცა, ამის გაკეთება ადვილი არ იქნება.

მაგალითად, შვედეთი, სადაც მნიშვნელოვანი რაოდენობის (ფინეთთან შედარებით) ქურთი მოსახლეობა ცხოვრობს, ამბობს, რომ უჭირს ერდოღანის ზოგიერთი მოთხოვნის რაციონალურად ახსნა, მათ შორის 140 ქურთის ექსტრადირება, რომელთა სახელები შვედეთის მთავრობისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ.

სტოკჰოლმი ამკაცრებს ანტიტერორისტულ კანონებს ანკარას მოსაწონად და მზად არის, გამოიკვლიოს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ შვედეთის ქურთების თემი ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) დაფინანსების ძირითად წყაროდ იქცა, რომელსაც ევროკავშირი და თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. თუმცა, შვედეთის მთავრობას არ შეუძლია მოსამართლეებს ქურთების ექსტრადირება უბრძანოს.

ჯო ბაიდენმა, რომელიც ერდოღანს ავტოკრატს უწოდებს, ამავდროულად გამოთქვა მზადყოფნა დაამტკიცოს F16 ავიაგამანადგურებლების 20-მილიარდიანი გარიგება და ახალი თავი გახსნას თურქეთთან ურთიერთობაში. მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯერ უნდა დაარწმუნოს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტების ლიდერები, რომ ეს გარიგება დამტკიცდეს.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკლ მაკკოლმა, ცოტა ხნის წინ მიანიშნა, რომ მზად არის ავიაგამანადგურებლების მიწოდებას მხარი დაუჭიროს, თუ ნატოში შვედეთის გაწევრიანების საკითხი დადებითად გადაწყდება. მაგრამ კონგრესში დემოკრატებს მაინც სურთ უფრო ფართო გარანტიების მიღება, რომ თურქეთი შეწყვეტს მუქარას საბერძნეთის მიმართ.

ევროკომისია აკრიტიკებს ერდოღანის მზარდ ავტორიტარულ მმართველობას.

„ევროკავშირის ძლიერი შეშფოთება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესების შესახებ გათვალისწინებული არ ყოფილა“, ნათქვამია ევროპის საგარეო სამოქმედო სამსახურის 2022 წლის ანგარიშში. „ასევე გაიზარდა შეშფოთება ეკონომიკური მმართველობისა და ქვეყნის საბაზრო ეკონომიკის სათანადო ფუნქციონირებასთან დაკავშირებით“.

2018 წელს ევროკავშირმა ფაქტობრივად შეაჩერა მოლაპარაკებები თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რომელიც 2005 წლიდან მიმდინარეობდა, მაგრამ ის სრულად არ შეწყვეტილა. ერდოღანის გამარჯვების შემდეგ მოლაპარაკებები შეიძლება განახლდეს, მაგრამ ჯერ თურქეთს მოუწევს ირიბად მაინც აღიაროს კვიპროსი ევროკავშირის წევრად. თურქეთის ჯარებს თითქმის 50 წელია კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი აქვთ ოკუპირებული.

ბრიუსელის ევროპული პოლიტიკის ცენტრის უფროსმა ანალიტიკოსმა ამანდა პოლმა განაცხადა, რომ ერდოღანის გამარჯვება ცვლილების მცირე შანსს ტოვებს - თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული ევროკავშირზე და არა მხოლოდ თურქეთზე.

პოლის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამჟამად ძალიანაც არ არიან დაინტერესებულები მზარდ ნაციონალისტურ თურქეთთან ურთიერთობით.

„ამავდროულად, ევროკავშირის წევრობა კვლავ ძალიან პოპულარულია თურქებს შორის. მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს კვლავ სურს ევროკავშირში გაწევრიანება“, - ამბობს ის.

თავად თურქეთში, ასევე, არ მიესალმებიან სირიელი ლტოლვილების მზარდ რაოდენობას (ამჟამად ქვეყანაში დაახლოებით 3,5 მილიონია). თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პირობა დადო, რომ მიიღებს ზომებს „მიგრანტების პრობლემის“ მოსაგვარებლად.

2020 წელს ერდოღანმა უკვე გამოიყენა ლტოლვილები ევროკავშირთან პოლიტიკურ დაპირისპირებაში, როდესაც ცოტა ხნით გახსნა საზღვარი საბერძნეთთან.

რეგიონალური სუპერსახელმწიფო

დასავლეთთან ერდოღანის ურთიერთობებში პრობლემები კომპლექსურია და ის, ასევე, კომპლექსურად უნდა მოგვარდეს.

თურქეთისთვის დასავლური ავიაგამანადგურებლების მიყიდვა, სავარაუდოდ, არ იქნება საკმარისი მიზეზი ანკარასა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუარესებისთვის: საარჩევნო კამპანიის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთსა და რუსეთს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ და გაიხსენა მისი პირადი კავშირები პუტინთან, რისი წყალობითაც მან მოახერხა ხელი შეეწყო მარცვლეულის გარიგებისთვის.

ამერიკელი დიპლომატები არაერთხელ ჩავიდნენ ანკარაში, ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ერდოღანი, ზეწოლა მოეხდინა თურქულ ბიზნესზე, რომელიც გვერდს უვლის დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს. თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება არ სურს, ვაშინგტონს კი არ სურს მეორადი სანქციების დაწესება თურქეთის წინააღმდეგ იმის შიშით, რომ ეს ერდოღანს პუტინის მკლავებში ჩააგდებს.

ერდოღანის ხელახალი არჩევით, თურქეთის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხი კვლავ გადაიდო და დღეს, 20 წლის წინანდელი სიტუაციისგან განსხვავებით, ევროკავშირში გაწევრიანება, როგორც ჩანს, თურქეთის პრეზიდენტის პოლიტიკურ დღის წესრიგში ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს.

შესაძლოა, თურქეთის ეკონომიკის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ამ მდგომარეობაში ბევრწილად თავად ერდოღანის ქმედებების გამო აღმოჩნდა და თებერვალში ძლიერი მიწისძვრის სახით მიიღო დამატებითი დარტყმა, აღმოჩნდეს ის ბერკეტი, რომლითაც დასავლეთმა ანკარაზე ზეწოლა შეძლოს - მაგრამ მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში.

ერდოღანის გეგმებს, მეზობლებთან - საუდის არაბეთთან, სირიასთან, ეგვიპტესთან და სომხეთთან - დაძაბულობის შემცირების შესახებ დასავლეთში მხარს უჭერენ და ამ თვალსაზრისით, მისი ხელახალი არჩევა კარგი ამბავია, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში. მისი მეტოქის მარცხი, რომელიც სირიელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებას პირობას დებდა (საიდანაც ისინი მაშინვე ევროპაში გაექცევიან) - ასევე ევროპისთვის კარგი ამბავია.

არჩევნების შედეგად ერდოღანმა მიიღო მანდატი, გაეგრძელებინა რეგიონული ზესახელმწიფოს შექმნა, და ამ პროცესში სულ უფრო ნაკლებად გაითვალისწინოს მოკავშირეების აზრი და სულ უფრო მეტად ეყრდნობოდეს სიტუაციურ ალიანსებს.

რის შეთავაზებას შეძლებენ მას დასავლური ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ საკუთარ ორბიტაზე თურქეთის შენარჩუნებას და მიიჩნევს თუ არა ამ წინადადებებს დამაჯერებლად, კვლავ კითხვად რჩება.

გარდა ამისა, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ერდოღანის მესამე ვადა მართლაც ბოლო აღმოჩნდება.