მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს, საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას“ - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 ივლისის მოვლენებს გამოეხმაურა, რომლის შემდეგაც ერთი წელი გავიდა. როგორც ზურაბიშვილი წერს, ერთი წლის შემდეგაც არავინ დასჯილა და უფრო მეტიც, ამ დროის განმავლობაში პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფები კიდევ უფრო გაძლიერდნენ.

„5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს, საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ეს ის რეალობაა, რომლის საფუძველზეც, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები ამ პერიოდში გაძლიერდნენ. გაძლიერდნენ იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც სრულიად მიუღებელია. მათი გაძლიერება კი აზიანებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას.

ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამაზე პასუხი მათი საქმიანობის აკრძალვაა, თუმცა დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში აკრძალვა უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი და ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით გამყარებული, რათა არ დარჩეს ეჭვი, რომ აქ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა. თუმცა, იგივე დემოკრატიული ქვეყნების პრინციპებიდან გამომდინარე მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც შესაძლებელია საჭირო გახდეს.

ამ უკიდურესი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიუღებელი იყოს ამ ჯგუფების დაცვა და მათი პრორუსული და ანტიევროპული პროპაგანდის წახალისება.
ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანია: კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა, რაც გულისხმობს, ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისგებას, მათი საქმიანობის ეფექტური კონტროლი და მათი დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება, ეს კი ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა. ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა მსგავსმა დაჯგუფებებმა ხელი ვერ შეუშალონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“, - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, 2021 წლის 5 ივლისს რადიკალურმა დაჯგუფებებმა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე იძალადეს. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს. 

5 ივლისს სექსუალური ორიენტაციით დისკრიმინაციის გამო ლგბტქ+ თემის წევრებს, „თბილისი პრაიდს” ძალადობრივმა ჯგუფებმა არ მისცეს საშუალება გაემართათ „ღირსების მარში“, მათ დაიკავეს რუსთაველის გამზირი, სადაც მარშს უნდა ჩაევლო.