მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიძინა ივანიშვილი: ახლა, მთელი ხელისუფლება საზოგადოების ხელშია თავმოყრილი. თითოეული ადამიანის ხმას აქვს სათანადო ფასი და მნიშვნელობა

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი - Pia.ge

„ქართული ოცნება“ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ორგანიზაციული და სტრუქტურული თვალსაზრისით, ჩამოყალიბდა ჭეშმარიტად დასავლურ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ, კლასიკურ ევროპულ პარტიად, რაც იყო ჩემი ოცნება, ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და ამოცანა”,- ამის შესახებ  პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, დღეს გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ვერ იქნება ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მოსაწონი.

მისი თქმით, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლისათვის, ხელისუფლების პერიოდული ცვლილება გარდაუვალი და აუცილებელია.

„როდესაც ხალხის გადაწყვეტილებით, დემოკრატიული არჩევნების გზით ,,ქართული ოცნება“ დათმობს ხელისუფლებას, სწორედ ეს პარტია, საზოგადოებასთან ერთად, იქნება დიქტატურის გამეორების ძირითადი შემაკავებელი და ჩამკეტი. „ქართული ოცნების“ გუნდი არავის მისცემს გასაქანს, უფლებასა და საშუალებას, დემოკრატიული გარდაქმნის ამ ურთულესი წლების მონაპოვარი ფეხქვეშ გათელოს და დაანგრიოს. ახლა, მთელი ხელისუფლება საზოგადოების ხელშია თავმოყრილი. თითოეული ადამიანის ხმას აქვს სათანადო ფასი და მნიშვნელობა. საქართველოში აღდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული, რეალური სახალხო სუვერენიტეტი. იმედი მაქვს, მომავალში ადამიანები აღარასდროს აირჩევენ ხელისუფლებას, რომელიც მათზე იბატონებს, ჩვენი სამშობლოს მწარე წარსულის გამოცდილებას კი, გამოიყენებენ ბედნიერი და ღირსეული მომავლის ასაშენებლად. უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა საკუთარი გამოცდილებით დაინახა ფუნდამენტური სხვაობა მმართველობის რადიკალურად განსხვავებულ ფორმებს შორის, - როდესაც ხელისუფალი ბატონია და ხალხი მსახური, და დღევანდელი - როცა ხელისუფლებაა ხალხის მსახური. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება აღარასდროს გააკეთებს მცდარ არჩევანს და არ დათმობს თავისუფლებას. დემოკრატია და ადამიანების უფლებები უნდა გახდეს ჩვენი ერის მტკიცე კონსოლიდაციის საფუძველი, რაც საბოლოოდ თავიდან აგვაცილებს ბნელ წარსულში დაბრუნების საფრთხეს”,- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.