მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკალიანმა და პიტერ სიიარტომ საქართველოსა და უნგრეთის საგარეო უწყებების დიპლომატიურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

დავით ზალკალიანმა და პიტერ სიიარტომ საქართველოსა და უნგრეთის საგარეო უწყებების დიპლომატიურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ რიგაში, ნატოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო, კვლევითი ინსტიტუტსა და უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის აქტიურ თანამშრომლობას დიპლომატიური სამსახურის პროფესიული განვითარების მიმართულებით, ასევე ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებას, ექსპერტთა გაცვლას და კვლევების მიმართულებით  დიპლომატიური სასწავლო ინსტიტუტების აქტიურ თანამშრომლობას.

მემორანდუმის ხელმოწერის ფარგლებში გაიმართა მინისტრების შეხვედრა, რა დროსაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

დადებითად შეფასდა რიგის ნატოს მინისტერიალზე პარტნიორების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს ინტეგრაციული მიზნების მიმართ და ამ კონტექსტში, ნატოს მხრიდან ღია კარის პოლიტიკის ერთგულების და საქართველოსთან თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმების განვითარების თვალსაზრისით.

საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგს და ახლო მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებს, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.