მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირმა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას შეიარაღებული ძალების დახმარება დაამტკიცა

ევროკავშირმა დაამტკიცა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას დახმარება

ევროკავშირმა სამი პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას შეიარაღებული ძალების დახმარება დაამტკიცა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

დახმარება მშვიდობის დამყარების უახლესი მექანიზმის ნაწილია, მან ამ ქვეყნების თავდაცვისუნარიანობა და მდგრადობა უნდა გააძლიეროს. დახმარების ფარგლებში ათობით მილიონი ევროს გამოყოფა იგეგმება. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ მიიღო.

უკრაინის შეიარაღებული ძალები 31 მლნ ევროს მიიღებს, საქართველოს - 12,75 მლნ-ს და მოლდოვის - 7 მლნ ევროს.  თანხების გამოყოფა  სამი წლის განმავლობაში იგეგმება. 

როგორც ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ბრიუსელი იმედოვნებს, რომ დახმარების შედეგად საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას შეიარაღებული ძალების ოპერატიული თავსებადობა იქნება უზრუნველყოფილი, რაც ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის სამშვიდობო მისიის ფარგლებში მათ უფრო აქტიურ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.

დახმარების მიღების წინაპირობაა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა, კერძოდ ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხებში.